კობახიძის თქმით, ევროკაშირის რეზოლუცია პასუხზე მინიშნებად შეიძლება იყოს აღქმული

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ევროკაშირის კრიტიკული რეზოლუცია, შესაძლოა საქართველოსთვის წევრობის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მინიშნებად იყოს აღქმული. ამის შესახებ მან ისაუბრა საგანგებო ბრიფინგზე, სადაც რეზოლუციის ტექსტს ფეიკების შედეგი უწოდა. "ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს. ასე თუ მოხდება, ბუნებრივია, ეს იქნება სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკური წინსვლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავისი რეაქცია ექნება", - თქვა ირაკლი კობახიძემ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. მისივე თქმით, "ის ტყუილები", რომელიც რეზოლუციაში წერია, ქმნის უარყოფით ფონს, თუმცა იმედი აქვთ, რომ "სამართლიანი გადაწყვეტილება" იქნება მიღებული. "სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, რომ ჩვენ ისევე, როგორც უკრაინას და მოლდოვას მოგვენიჭოს სამართლიანი სტატუსი. იმედი გვაქვს, რომ უსამართლო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული", - დასძინა კობახიძემ. დღეს, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამენტის ჯგუფების - „ევროპის სახალხო პარტიის (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) - შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში, რომელსაც კენჭი დღეს ეყარა, წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით.“ https://www.radiotavisupleba.ge/a/31890650.html

Source: radiotavisupleba.ge