ბოსნია-ჰერცეგოვინის კოლექტიური მმართველობის ორმა წევრმა უარი თქვა სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბოსნია-ჰერცეგოვინის კოლექტიური მმართველობის მუსლიმმა და ხორვატმა წარმომადგენლებმა უარი თქვეს 15 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგი ლავროვთან შეხვედრაზე, რომელიც სამუშაო ვიზტით იმყოფება სარაევოში.
ლავროვი გუშინ 14 დეკემბერს შეხვდა ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის სერბ წევრს, მილორად დოდიკს. 15 დეკემბერს კი იგეგმებოდა შეხვედრა შეფრიკ ჯაფროვიჩთან და ჟელკო კომშიჩთან, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, ლავროვის მიერ წინა დღით გაკეთებული განცხადების გამო.
დეიტონის სამშვდობო შეთანხმებაზე საუბრის დროს, სერგეი ლავროვმა 14 დეკემბრის პრესკონფერენციაზე კერძოდ განაცხადა, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს დეიტონის შეთანხმების არქიტექტურის დაშლას, რასაც, რუსი მინისტრს აზრით, შესაძლოა, მოჰყვეს სერიოზული ნეგატიური შედეგები.
ბოსნია-ჰერცეგოვინის კოლექტიური მმართველობის მუსლიმი და ხორვატი წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ლავროვის განცხადება ეწინააღმდეგება ბოსნია-ჰერცეგოვინის ხელისუფლების პოზიციას.
დეიტონის შეთანხმებას ხელი 1995 წლის ნოემბერში მოეწერა ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონის მახლობლად მდებარე ამერიკი სამხედრო ბაზაზე. იგი ითვალისწინებდა 1992-1995 წლების ბოსნიის ომის დასრულებას.
შეთანხმებამ სისხლისმღვრელ ომს მართალია ბოლო მოუღო, მაგრამ დოკუმენტმა დააკანონა ბოსნიის ეთნიკური გათიშულობა, შექმნა სახელმწიფო მართვის ფრაგმენტული და რთული სტრუქტურა, ხოლო ერთმანეთთან დაპირისპირებული ლიდერების გამო ბოსნია-ჰერცეგოვინა 25 წლის შემდეგაც ვერ ახერხებს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმების განხორციელებას.
სერგეი ლავროვმა გაიმეორა, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინაში წამოჭრილი ყველა შიდა პრობლემა უნდა მოგვარდეს დეიტონის შეთანხმების შესატყვისად და გარედან ნებისმიერი ჩარევის გარეშე.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31001959.html
#ახალი_ამბები
#twitter