23 ნოემბერს სოფლებში მიმავალმა მგზავრებმა საღამოს მარშრუტით ვერ ისარგებლეს. ავტოსადგურში მისულ მგზავრებს ტრანსპორტი არ დახვდათ და სახლებში დაბრუნება ტაქსით მოუხდათ. ავტოსადგურის დირექტორის განმარტებით, ამის მიზეზი მგზავრების რაოდენობის მკვეთრი კლებაა, რის გამოც მძღოლები დაგეგმილ მარშრუტებს აღარ ასრულებენ.
"მთელი დღის მანძილზე დადიოდა ტრანსპორტი, დილით გამოვყევი 10 საათზე და საღამოს 6 საათისთვის რატომ გადაწყვიტეს, რომ აღარ უნდა ემუშავათ, ვერ გავიგეთ", - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც მეჯვრისხევში მიდიოდა.
"სალაროში მივედი გასარკვევად, არავინ დამხვდა, ერთი კაცი გამოვიდა და იმანაც ზუსტი მიზეზი ვერ მითხრა, ალბათ "გიორგობა" რომ არის, მაგიტომ აღარ იმუშავესო. წინასწარ მაინც გაეფრთხილებინათ მგზავრები, რომ თადარიგი დაგვეჭირა. ტაქსით მომიწია სახლში დაბრუნება, 15 ლარი გადავიხადე", - ამბობს ზერტში მცხოვრებმა მოქალაქემ.
"თუ მგზავრი არ ეყოლება, მძღოლი ვერ ასრულებს დაგეგმილ მარშრუტს", - ასე გამოეხმაურა მგზავრთა პრეტენზიებს ზურაბ ჭეჭელაშვილი. მისი განმარტებით, პანდემიის პირობებში მგზავრთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო და ავტოსადგური უკვე ორი თვეა ზარალზე მუშაობს.
"ვირუსის გავრცელების გამო, მგზავრების რაოდენობამ ძალიან დაიკლო, მაგის გარდა ისედაც უმეტესობას ტაქსები ჰყავს დაქირავებული და ისე დადიან, რის გამოც ჩვენს მძღოლებს მგზავრი აღარ ჰყავთ. ბოლო პერიოდში 3 -4 ადამიანი თუ მგზავრობს ჩვენი ტრანსპორტით. საღამოს მარშრუტზე თუ მძღოლი დაინახავს, რომ მგზავრი არ არის, აღარ ასრულებს დაგეგმილ მარშრუტს. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ, არ ვიცით ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვალთ", - განაცხადა ზურაბ ჭეჭელაშვილმა.
მისივე თქმით, მან ყველა მძღოლს მოუწოდა, არ დატოვონ ავტოსადგური იქამდე, სანამ მარშრუტით დაგეგმილი დრო არ შესრულდება.
"ვთხოვე მძღოლებს, რომ ვიდრე არ შესრულდება, მაგალითად 18:00 საათი, არ დატოვონ ავტოსადგური. დაელოდონ ბოლომდე. თუკი მგზავრი არ მოვა, ამ შემთხვევაში გააუქმონ მარშრუტი", - ამბობს ჭეჭელაშვილი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #ტრანსპორტი #გორი #goridaily
წყარო: რადიო მოზაიკა