ჰაიდაი: რუსეთი "კატასტროფულ" ზიანს აყენებს ლისიჩანსკს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის ხელისუფლების თქმით, რუსეთის ჯარებმა „კატასტროფული“ ზიანი მიაყენეს ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკს. საოკუპაციო ჯარები კვლავაც ბომბავენ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ამ ტყუპ ქალაქებს, სადაც ვითარება „ძალზე რთულია“, ვინაიდან, კიევის თანახმად, მოსკოვი დონბასში იერიშს აძლიერებს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გამოცხადების წინ. „ბრძოლები სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ზონაში და კატასტროფული ნგრევა ლისიჩანსკში,“ - ასე დაახასიათა ვითარება ლუგანსკის ოლქის სამხედრო გუბერნატორმა სერჰი ჰაიდაიმ 21 ივნისს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისი თქმით, ლისიჩანსკზე უმძიმესი საარტილერიო იერიში ხორციელდება უკანასკნელი დღეების განმავლობაში. უკრაინის ჯარები განაგრძობენ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის დაცვას, სადაც ამჟამად ყველაზე მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს, თქვა ჰაიდაიმ. ადრე ჰაიდაიმ ეროვნული ტელევიზიის გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთის ჯარები აკონტროლებენ სევეროდონეცკის უდიდეს ნაწილს გარდა ქიმიური ქარხანა „აზოტისა“, სადაც ასობით სამოქალაქო პირი აფარებს თავს უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ჰაიდაის თქმით, მუდმივად იბომბება სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დამაკავშირებელი გზა ქალაქ ბახმუტთან. ამასობაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვი „ძალზე ნერვიულობს“ ევროკავშირის მოახლოებულ გადაწყვეტილებაზე უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. https://www.radiotavisupleba.ge/a/31908217.html

Source: radiotavisupleba.ge