თუ Haqqin-ის ინფორმაცია სიმართლეა, საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება - ბოკერია
Pirveliradio Ge
თუ Haqqin-ის ინფორმაცია სიმართლეა, საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა, რითაც გამოეხმაურა, აზერბაიჯანის სახელისუფლებო გამოცემის Haqqin-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველომ გზა გაუხსნა სერბეთს, რომელმაც თავის მხრივ, სომხეთს ტოვზუსი დაბომბვისთვის ნაღმტყორცნები მიაწოდა.
"ჩვენს რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში ამ ტიპის კონფლიქტების ინსპირირება, წახალისება და შენარჩუნება არის პუტინის რუსეთის ინტერესში. ამ მეთოდებით ის ცდილობს თავისი გავლენის გავრცელებას. ანუ ეს ყველაფერი არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ჩვენი ორი მეზობლისა და სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის დაზიანება ხდება ამ ყველაფრით". – ამბობს გიგა ბოკერია.
ბოკერიას შეფასებით, ამ პროცესში საქართველოს ინტერესი არის მკაფიო.
"თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ეს არის არამარტო ორივე მეზობლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, არამედ ეს არის საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების საციცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. თუ ეს სიმართლე არ არის, ამას სჭირდება არა სისულელეების ლაპარაკი, როცა შიდა ოპონენტებს და მედიას სდებენ ბრალს, არამედ მაღალი დონის აღმასრულებელი ხელისუფლების სწრაფი საჯარო რეაგირება და ამავდროულად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის და საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნება, რომ ეს არის სიცრუე. ეს შედის საქართველოს ინტერესებში". – თქვა გიგა ბოკერიამ.