საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები მერვედფინალიდან გამოეთიშა ევროპის ჩემპიონატს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე, ოცდაოთხ მონაწილეს შორის თექვსმეტ საუკეთესოში მოხვედრა შეძლო და ჯგუფური ეტაპი დაძლია. მერვედფინალში კი შეჯიბრების მასპინძელთან - სლოვაკეთთან დამარცხდა, ანგარიშით 0:2 და ჩემპიონატს გამოეთიშა.
ქართველმა ფეხბურთელებმა C ჯგუფში სამი თამაში ჩაატარეს - მოუგეს მონტენეგროსა (2:0) და ავსტრიის (3:1) ნაკრებებს, წააგეს ბულგარეთთან (0:2) და მერვედფინალში მესამე ადგილით გავიდნენ, რადგან ექვსი ქულა სამ ნაკრებს დაუგროვდა და მონტენეგრომ და ბულგარეთმა გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი ბალანსით დაიკავეს პირველი და მეორე ადგილები.
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშა. გუნდი საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ფეხბურთელებით დაკომპლექტდა, თუმცა მინიფეხბურთი ფუტსალისგან ბევრი რამით განსხვავდება. მაგალითად, ძირითად შემადგენლობაში ექვსი მოთამაშეა (ფუტსალში - ხუთი). კარიც უფრო დიდია, აუტს ხელით აწვდიან. თამაში კი ორი ოცდახუთწუთიანი ტაიმისგან შედგება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31890879.html
Source: radiotavisupleba.ge