თეთრი ხიდიდან გადაფრენილი ბიჭის ამბავი - ნანული ცხვედიანის წერილი

0
ქუთაისელი ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი თავის ფეისბუქ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქუთაისის ამბებსა და ქუთაისელებს იხსენებს: "ის რა ბიჭი იყო, რიონში რომ თეთრი ხიდიდან ვერ გადახტებოდა! იმ დღესაც ერთმანეთთან გასაჯიბრებლად შეიკრიბნენ, ალბათ, ქუთაისის ჩაუქი ბიჭები, იმ დღესაც ცივი იყო და ოდნავ შემღვრეული, ავად მომზირალი რიონი ... სხვებს როგორ ჩამორჩებოდა ლამაზი ანტოშა, მოხდენილი ტანი ხიდის მოაჯირზე შეაყენა და რიონისკენ გაფრინდა... მერე მთელი ქუთაისი ინაწილებდა პოლიციის ქუჩაზე მცხოვრები ცნობილი მასწავლებლის - სტეფანე კომპანიონის ოჯახის სადარდებელს: რიონის ცივ წყალში უხერხულად ჩამხტარ მათ ბიჭს რევმატოიდული ართრიტი განუვითარდა ; ქალაქის ვერც ერთმა სახელგანთქმულმა ექიმმა, ვერც შორიდან საგანგებოდ ჩამოყვანილმა, იმდროინდელი სამკურნალო ტექნოლოგიით, ვეღარ შესძლო მისი შველა: მოწყვეტილი სხეულით სამუდამოდ მიეჯაჭვა საწოლს სტუდენტობაგამოვლილი, უნიჭიერესი ახალგაზრდა კაცი. ვერც დაცოლშვილება მოასწრო, ვერც პროფესიული განვითარება, სრულიად პარალიზებული შერჩა ბუნდოვან მომავალს. იმ საბედისწერო დღიდან დიდი ხნის შემდეგ, როცა ქუთაისელი კათოლიკე სტეფანე კომპანიონი უკვე ირანში , თეირანის დულაბის ქრისტიანულ სასაფლაოზე განისვენებდა, ხოლო მისი ვაჟი, ანტონი, აწ ასაკოვანი კაცი, თავის მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობდა კუჩ - ე - ბაარის ქუჩაზე, თეირანში 23 წლის ამერიკელი დონალდ სტილო ჩავიდა. ამერიკაში, ქალაქ ნიუ -ჯერსში ცხოვრობდა, თორემ წარმოშობით იტალიელი იყო. პატარაობიდანვე გაეტაცებინა უცხო ენების შესწავლას, კარგად დაუფლებია რუსულ და ფრანგულ ენებს, შემდეგ უსწავლია სპარსული, სომხური და , როგორც კი ეგზოტიკური, უძველესი ქართული ენისა და მისი ურთულესი ზმნების შესახებ შეიტყო, თეირანში ჩასულმა მისი შესწავლაც მოიწადინა. მეგობრების დახმარებით, ასე მივიდა ანტონ კომპანიონთან, როგორც ღიმილით წერს, ფრანგული სახელისა და კორსიკული გვარის მქონე ქუთაისელთან ქართულის შესასწავლად. პირველივე შეხვედრით, მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. გაივლის დრო და დღეს უკვე მსოფლიოში ცნობილი ირანისტი, სპარსული ენისა და არაბული დიალექტების აღიარებული სპეციალისტი, მრავალი წიგნის ავტორი დონალდ სტილო დაწერს არაჩვეულებრივ, თბილ მოგონებას, რომელიც დაიბეჭდება გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ წიგნში"ქართველები თეირანის დულაბის ქრისტიანულ სასაფლაოზე" (ინგლისურიდან ტექსტი ჩემთვის თარგმნა ქუთაისის ენათა ცენტრის ახალგაზრდა სპეციალისტმა, ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრმა თეონა ქავზინაძემ). - მსგავსი რამ მხოლოდ წიგნში შეიძლება წაგეკითხათ, ან ფილმში გენახათო , - იხსენებს დონალდ სტილო 2019 წელს გამოცემულ ამ წიგნში, - ბატონი კომპანიონი კისრის ქვემოთ დამბლადაცემული იყო. ის ფიზიკურად დიდი და მაღალი კაცი გახლდათ - ახალგაზრდობაში საკმაოდ ათლეტური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა მთელი მისი სხეული, ხის მსგავსად, უძრავად იდო. ჩემთან შეხვედრისას, 55 წლის ანტონს უკვე 30 წელი, ნახევარი სიცოცხლე გაეტარებინა უსიცოცხლო მდგომარეობაში. მისი ფეხები და მკლავები სრულიად გაშეშებული იყო, ექთნებსა და ექიმებსაც არ შეეძლოთ მათი მოხრა... მაგრამ ის ყოველთვის იღიმებოდა, ჰქონდა იუმორის კარგი გრძნობა, უყვარდა სიმღერა (დონალდ სტილო იხსენებს, როგორ დიდებულად ასრულებდნენ ანტონი და სტუმრად მოსული მისი ქართველი მეგობრები ულამაზეს ქართულ მრავალხმიან სიმღერებს "ხუთკაციანი ჰარმონიით"), უყვარდა ხალხი (სტილოს მოგონებით, საწოლს მიჯაჭვულ მის მასწავლებელთან ზოგჯერ დადიოდა თეირანის ესპანური ეკლესიის 7-8 მონაზონი, კათოლიკე მღვდელიც სწვევია) და იყო მზრუნველი ადამიანი. მისი სხეული პარალიზებული იყო, მისი სული კი თავისუფლად დანავარდობდა. იგი ირანელებისათვის რუსულსა და ფრანგულში ჩატარებული კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს. დონალდ სტილო იმასაც დასძენს, ძალიან მომთმენი იყო, რადგან საკუთარი ხელით წერა არ შეეძლო, მე თვითონ უნდა მესწავლა ანბანიო. იმ დროისათვის (1963წ.) თეირანში არ არსებობდა ქართულის შესასწავლი სახელმძღვანელო, ან ლექსიკონები. ახალგაზრდა ამერიკელი ორი წლის მანძილზე შეკითხვების დასმით სწავლობდა ანტონისაგან ქართულ მეტყველებას, ის კი პასუხობდა თავისი ქუთაისური კილოთი და როგორც დონალდ სტილო კეთილი იუმორით წერს, "მე ქართულს კი არ ვსწავლობდი, ვსტავლობდიო." 77 წლის ბატონი სტილო ირანული ლინგვისტიკის ერთ-ერთ კონფერენციაზე ქართველ მეცნიერთა ჯგუფს შეხვდა, მათ შორის - დოქტორ ნიკოლოზ ნახუცრიშვილს, რომელიც ქუთაისიდან თეირანში გადასახლებული კომპანიონების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, მან ანტონის მამის - სტეფანე კომპანიონის საფლავის ფოტოც უჩვენა. . გაიხარა დონალდ სტილომ, რომელსაც წლების მანძილზე მადლიერებითა და სიყვარულით კი აგონდებოდა თავისი ქართულის მასწავლებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, კავშირი აღარ ჰქონია, არასოდეს მიუწერია მისთვის. იგი თავის ტკბილსევდიან მოგონებას ამ ფრაზებით ასრულებს: "ვგრძნობ, რომ ანტოშამ მაპატია. მე თქვენ მიყვარდით, ჩემო ძვირფასო მასწავლებელო. დიდი მადლობა! არასოდეს დაგივიწყებთ. დონალდ სტილო გახლავართ." მინაწერი მეგობრებისათვის:_______________________________ ზემოხსენებულ წიგნში ანტონ ვაჭარაძის, ნიკოლოზ ნახუცრიშვილის, გიორგი სანიკიძის ძალზე საინტერესო სტატიებია, რომლებიც, საარქივო მასალებზე დაყრდნობით, დაწვრილებით მოგვითხრობენ, თუ როგორ წარიმართა მე-19 საუკუნის შუა წლებიდან ქუთაისში ჩამოსახლებული ანტუან ფრანცისკეს ძე კომპანიონისა და ქართველი ქალის მაკა ივანეს ასული ხითაროვის შთამომავლობის ბედი; დადგენილია მათი შვილების, შვილიშვილების სახელები და მათთან დაკავშირებული თარიღები. სამწუხაროდ, ტრაგიკული ბედის მქონე შვილიშვილის - ანტონ კომპანიონის შესახებ ცნობები საკმაოდ მწირია, მკვლევართა მიერ გაწეული დიდი შრომის მიუხედავად. არა და, როგორ დაეძებს ანტონ კომპანიონის შესახებ დარჩენილ მცირე ცნობებსაც კი ბატონი დონალდ სტილო, როგორ სურს მას, რომ თავისი საყვარელი მასწავლებლის ხსოვნა ამ გვარის დარჩენილ წარმომადგენლებთან ურთიერთობით გაამდიდროს. ოქტომბერში, როცა ფრანკფურტში სტუმრად ვიყავი ჩვენს საამაყო თანაქალაქელთან - ენათმეცნიერ, გოეთეს უნივერსიტეტის დოცენტ ზაქარია ფურცხვანიძესთან, ერთ -ერთ საოჯახო საღამოზე მან სწორედ დონალდ სტილოსა და ანტონ კომპანიონის შესახებ მიამბო, ეს წიგნიც მაჩუქა. ქუთაისში ჩამოსვლისთანავე დავიწყე ძიება და მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ახალ ცნობას მივაკვლიე კომპანიონების შესახებ. ყველა საარქივო მასალა უკვე საფუძვლიანად ჰქონდათ დამუშავებული ზემოთ ხსენებულ მკვლევარებს. არ ვკარგავ იმედს, იქნებ შევძლოთ ბატონი სტილოს დახმარება? იქნებ, კიდევ არიან ცოცხალი ის მოხუცები, რომელთაც კომპანიონები ახსოვთ? იქნებ, თქვენს ძველ საოჯახო ალბომებში შემორჩენილია მათი ფოტოები, ბარათები? #ქუთაისისამბები #kutaisidaily #თეთრიხიდი #პიკასოსბიჭი
0