ყარაბაღის მეორე ომი დასრულდა - ახლა კი დამდგარ შედეგებზე საუბრის დროა

0
უამრავი სპეკულაციისა და თეორიის მიუხედავად, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ - ამ ომის გამარჯვებული აზერბაიჯანია. ზოგადად ომში მოგება ძალიან სერიოზული განაცხადია და მკვეთრად ზრდის აზერბაიჯანის პრესტიჟს არა მარტო რეგიონში, არამედ გლობალურად. ბაქოსგან ასეთ წარმატებას არავინ ელოდა, მათ შორის რუსეთიც. რუსეთი, სომხეთის ტრადიციული მოკავშირეა, რომელიც ომის მიმდინარეობისას იარაღით ამარაგებდა მას და მოვლენათა განვითარებას აკვირდებოდა. მოსკოვს არ სურდა აზერბაიჯანის „განაწყენება“ და პირდაპირ არ ერეოდა კონფლიქტში, მით უფრო, რომ იურიდიულად ამის ვალდებულება არ ჰქონდა (სომხეთთან ორმხრივი ხელშეკრულების მიხედვით მოსკოვის მხრიდან გარანტიები მხოლოდ საკუთრივ სომხეთზე ვრცელდება). აზერბაიჯანმა თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების, განსაკუთრებით თურქული და ისრაელში წარმოებული დროების გამოყენებით დიდი უპირატესობა მოიპოვა ყარაბაღის ძალიან რთული რელიეფის მქონე რეგიონში, როგორც ჰაერში, ასევე ხმელეთზე და მოწინააღმდეგე მხარე მარტივად გაანადგურა. კარგად მომზადებული/გაწვრთნილი ჯარის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდამ აჩვენა აზერბაიჯანის არმიის უპირატესობა სომხეთთან, რომელიც ძირითადად რუსულ მოდელზეა, როგორც ჯარის ორგანიზების, ასევე შეიარაღების კუთხით. ამ ომში სომხეთმა უმძიმესი მარცხი განიცადა. ჯერ კიდევ დიდი დრო გავა, სანამ ქვეყანა გამოვა შოკიდან და გაიაზრებს, იმას თუ რა მოხდა. სომხეთმა ჯარის დიდი და საუკეთესო ნაწილი დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ სომხები სასტიკად იმედგაცრუებულნი არიან რუსეთის საქციელით, მაგრამ ამავე დროს ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ფაშინიანი სხვა პროდასავლურმა ძალებმა შეცვალონ. ალბათ მოხდება პირიქით – ომის წაგება და ტერიტორიების დაკარგვა ფაშინიანის დასავლეთთან თამაშს დაბრალდება და მის ნაცვლად კვლავაც მოსკოვზე უფრო მეტად ორიენტირებული ძალები მოვლენ. სომხეთში ვითარება უკიდურესად მძიმეა და ჯერ გაუგებარია თუ რა მოჰყვება ამ პოლიტიკურ კრიზისს. კიდევ ერთი გამარჯვებული - რუსეთის ფედერაცია. კონფლიქტის შედეგად რუსეთმა რეგიონში თავისი პოზიციები საკმაოდ გაიმყარა და მას შესაძლებლობა მიეცა თავისი სამშვიდობოები უშუალოდ ყარაბაღის რეგიონში შემოიყვანოს. რუსი სამშვიდობოები დარჩენილ ტერიტორიებს გააკონტროლებენ, მათ შორის რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრ ჰანქენდის(სტეპანაკერტი) და ასევე ლაჩინის კორიდორს. აღნიშნული სამშვიდობო ხელშეკრულება ერთ ღამეში არ დაწერილა და ეს გეგმა, რომლიც თავისი შინაარსით თითქმის 90% არის ე.წ. ლავროვის გეგმა, კრემლში დიდი ხნის განმავლობაში „მაგიდაზე“ იდო, თუმცა სომხეთისათვის და აზერბაიჯანისთვის ეს მიუღებელი იყო. კრემლი მოვლენების განვითარებას ბოლომდე დააკვირდა, ხოლო როცა სომხური ძალები განადგურების პირას აღმოჩნდნენ და აზერბაიჯანული არმია ქალაქ ჰანქენდიდან რამდენიმე კილომეტრში იდგა, პუტინი სცენაზე გამოჩნდა. რუსეთს უფრო აწყობდა, თუკი აზერბაიჯანი წინ ვერ წაიწევდა და ძველი სტატუს-კვო დარჩებოდა ძალაში. მაგრამ აზერბაიჯანმა დრონების მეშვეობით სომხეთის საკუთრებაში არსებული რუსული ტექნიკა იოლად გაანადგურა და არამხოლოდ წინ წაიწია, არამედ მიუახლოვდა ბოლო წითელ ხაზსაც – ჰანქენდის. ომის კიდევ ერთი გამარჯვებული მხარე თურქეთია. საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, თურქეთი რეგიონში შემოსვლას ცდილობს. უკანასკნელ პერიოდში ანკარა ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებს. რუსეთ0თურქეთის ინტერესები ყველა მიმართულებით გადაიკვეთა - სირია, ლიბია და ახლა აზერბაიჯანი. თუმცა მათ შორის არსებული „სამშვიდობო“ ფორმატების გამო, მათ ყარაბაღშიც მიაღწიეს ისეთ შეთანხმებას, რომლითაც ორივე მხარე მეტ-ნაკლებად კმაყოფილი დარჩა. ომმა ასევე აჩვენა თურქეთის სამხედრო და ტექნოლოგიური უპირატესობა (ბაირაქტარების სახით). სამმხრივი შეთანხმების შედეგად თურქეთის ჯარი იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსი სამშვიდოები დგანან, ვერ შევა, თუმცა ყარაბაღის იმ ტერიტორიებზე, რომელიც აზერბაიჯანის მიერაა დაკავებული თურქეთთან ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრი იქნება და ანკარა 2000-მდე სამხედროს გაგზავნის. სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით აზერბაიჯანი ნახიჩევანს სახმელეთო კორიდორით დაუკავშირდება, ნახიჩევანით კი – თურქეთს, რითაც რეგიონში თურქეთის როლი და გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება. შეიძლება ითქვას, რომ ყარაბაღში იდლიბის ფორმატი განხორციელდება. რაც თურქეთმა სირიაში რუსეთის ჩარევაზე თვალი დახუჭა, რუსეთმაც დახუჭა თვალი კავკასიაში თურქეთის ჩარევაზე. რეგიონალურ ძალებს შორის დამარცხებულ პოზიციაში ირანი აღმოჩნდა. ომის დაწყების პირველ დღეებში, ოფიციალური თეირანი ორივე მხარეს მშვიდობისკენ მოუწოდებდა და რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამდა და არც კონკრეტულ პოზიციაზე იყო. ირანს აზერბაიჯანის „წყენა“ არ სურდა, რადგან ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციაში 30 მილიონი აზერბაიჯანელი-თურქი ცხოვრობს და ამ რეგიონის აფეთქება ირანს მძიმედ დაუჯდება. თეირანში ამას ხვდებიან და ამისა გამო ძალიან ფრთხილად უდგებოდნენ ყარაბაღის კონფლიქტს და გაკეთებულ ყველა განცხადებას, გარდა ამისა თვით ირანის უზენაესი მმართველის აიათოლა ალი ჰამენეი ეთნიკურად აზერბაიჯანელი თურქია, თუმცა თეირანს ძალიან „აღიზიანებს“ აზერბაიჯან-თურქეთის ალიანსი. ირანს ყარაბაღის კონფლიქტი თავისი შინაარსით ძალიან არ აწყობდა. ცხადია, რომ საზღვართან ახლოს კონფლიქტის ზონა ქონა ცუდია, თუმცა ირანისთვის ეს თავისებური ბუფერული ზონა იყო. ე.წ. სტატუს-კვო ყველა რეგიონალური ძალისთვის მისაღები იყო. ამავე დროს, ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი ფაქტია, რომ თეირანი და ერევანი მოკავშირეები არიან და მშვიდობისა და ომის დროს, რუსეთიდან ირანის გავლით სომხეთში შეიარაღება და ტექნიკა შედიოდა. თუმცა ირანი ამას უარყოფდა... ომის განახლების პირველი დღიდან, ირანი ცდილობდა კონფლიქტში ჩართულიყო მედიატორის როლში, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცა, გარდა ამისა აზერბაიჯანში კარგად ახსოვთ 90-იან წლებში თეირანში ჩატარებული მოლაპარაკებები, ზუსტად ამ მოლაპარაკებების დროს აზერბაიჯანმა პირველი ყარაბაღი დაკარგა. ომის შედეგად ყველა სახელმწიფომ კოკრეტული სარგებელი და პოლიტიკური დივიდენდები მიიღო, ირანს არაფერი შეხვდა... სამშვიდობო ხელშეკრულების არც ერთ პუნქტში საუბარი არაა ყარაბაღის სტატუსზე. ყარაბაღის საბოლოო სტასუსსა და მომავალზე არაფერი ითქვა, ამით კრემლმა ძლიერი ბერკეტი მოიპოვა, რის დახმარებითაც ორივე სახელმწიფოზე დიდი გავლენა ექნება და მომავალში (ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები) „სავაჭროდ“ გამოიყენებს. ყარაბაღის ომის კიდევ ერთი ეპიზოდი დასრულდა... ომი დამთავრდა მშვიდობის გეშინოდეთ... მომზადებულია ქამრან ოსმანლის მიერ.
###Armenia
###Azerbaijan
###Nagorno
###Karabakh
###Russia
###Iran
###Turkey
###interworld
0