ᲜᲐᲝᲛᲘ ᲥᲔᲛᲑᲔᲚᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ ᲗᲐᲕᲘᲡᲘᲕᲔ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘᲗ

0
„შესანიშნავი ბავშვობა მქონდა, მაგრამ ბავშვის სხეულში თავს ყოველთვის ზრდასრულად ვგრძნობდი. ხუთი წლის ასაკში, ლონდონის სამხრეთით აკტონში მდებარე ბარბარა სპიკის სკოლაში ჩავირიცხე, ამიტომ ყოველ დილით ჩემი სახლიდან ლონდონის ჩრდილოეთით, სტოკველამდე, ავტობუსით და ორი მატარებლით უნდა მევლო. 13 წლის ასაკში სკოლა იტალია კონტიში გადავედი, თუმცა მანამდე უკვე ბევრ სატელევიზიო და მუსიკალურ ვიდეოში მქონდა მონაწილეობა მიღებული. მათ შორის ყველაზე ამაღელვებელი ბობ მარლის Is This Love იყო. ჩვენს ოჯახს უყვარდა რეგი. სულ რაღაც შვიდი წლის ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი თუ რას ნიშნავდა ეს. ვერ ვაანალიზებდი, რომ ჩემ წინ მდგარი ბობ მარლი საბანში მახვევდა. ის ყველაზე სიმპატიური მამაკაცი იყო საუცხოო აგებულებით; გულითადიც იყო და ტკბილად საუბრობდა ძლიერი იამაიკური აქცენტით, როგორიც სახლიდან ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო. სანამ 12 წლის გავხდებოდი სახლი ბებიაჩემს ეკუთვნოდა. დედაჩემი ვალერი მოცეკვავე იყო და იტალიაში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი შვეიცარიაში. ყოველთვის აღელვებული ვიყავი მისი სახლში სტუმრობით და მოწყენილი, როდესაც უნდა წასულიყო. დედა მოხდენილი იყო და თავისი სტილი ჰქონდა. როდესაც 12 თუ 13 წლის ვიყავი, მოდურ ჩვენებაზე გამოვიდა და მახსოვს ოთახის შესასვლელში მაჩვენებდა თუ როგორ უნდა ევლო. ვუყურებდი როგორ დადიოდა ლაიონელ რიჩის მუსიკის თანხლებით. 13 თუ 14 წლის ასაკში წარმოდგენა არ მქონდა რისი ჩაცმა მინდოდა. მგონი გოთი ვიყავი: გრძელი შავი კაბები და ქურთუკები მომწონდა და სკოლაში დოქტორ მარტენსი მეცვა. მახსოვს ის დღე, როდესაც ქუჩაში შემამჩნიეს. აპრილის თბილი დღე იყო და სკოლის შემდეგ მეგობრებთან ერთად ვატარებდი დროს. სამივეს ჩვენი იტალია კონტის უნიფორმები გვეცვა: ღია ლურჯი კლეჩატი კაბა, მუქი ლურჯი ამოჭრილ საყელოიანი სვიტერი, მაისური, ჰალსტუხი. წესით ჩალის ქუდებიც უნდა გვფარებოდა, მაგრამ ეს არასდროს გაგვიკეთებია. მოულოდნელად ჩემთან ერთი ქალი მოვიდა და მკითხა, მიფიქრია თუ არა ოდესმე მოდელობაზე. ის ბეტ ბოლდტი იყო, სააგენტო Synchro-ს ხელმძღვანელი. ჩემი უშუალო რეაქცია გაკვირვება და მღელვარება იყო. მაგრამ როდესაც დედაჩემს ვუთხარი, ეს იდეა საერთოდ არ მოეწონა. ყველას გვსმენოდა საშინელი ისტორიები აღმოჩენილი გოგოების, რომლებსაც ფოტოების გადასაღებად უამრავ ფულს ახდევინებდნენ და შემდეგ ვერსად ხვდებოდნენ. დედაჩემს უნდოდა სკოლაში დავრჩენილიყავი და დავალებების კეთება დამესრულებინა. მაგრამ ყველაფერი ჩემებურად მინდოდა, ამიტომ რამდენიმე კვირის შემდეგ ბეტის სანახავად თვითონ წავედი. პირველი ვიზიტისას თმა შუაზე გამიყო, მაკიაჟი გამიკეთა და ჩემი სკოლის უნიფორმაში რამდენიმე შავ-თეთრი ფოტოს გადასაღებად სიმაღლეზე შემაყენა. საბოლოოდ, დედამ გადაწყვიტა, რომ მოდელობა შემეძლო, ვინაიდან ეს ჩემს სკოლაში სწავლებას და დავალებების შესრულებას ხელს არ შეუშლიდა. სამი თვის შემდეგ Synchro-სთან გავაფორმე კონტრაქტი და საზღვარგარეთ ბრიტანული ელისთვის ჩემი პირველი დიდი გადაღებისთვის წამიყვანეს. ახალ ორლეანში ჩავფრინდით, პირველი თემისთვის მე და კიდევ ერთი მოდელი, პრერიის სტილის კაბებში გადაგვიღეს, მეორე თემისთვის კი – მხოლოდ მე, პენსაკოლას სანაპიროზე. როდესაც ლონდონში დავბრუნდი ამერიკელი აგენტების ყურადღება მივიპყარი – ჩემთან შესახვედრად ოთხჯერ გადაუფრინეს ლონდონს. პირველი მოწვევა პარიზიდან 16 წლის ასაკში მივიღე. პირველად დეიდაჩემი ჯული წამომყვა, თუმცა ეს არც ისე დიდი ხნით ადრე იყო, სანამ უბრალოდ ფრანგული ელისთვის შერჩვევებზე რამდენიმე კვირის განმავლობაში დავრჩებოდი იქ. ერთ-ერთი მოგზაურობისას მთელი ფული მომპარეს. არავის უთქვამს ჩემთვის ჩემი ნივთები დაცულად რომ უნდა შემენახა და ყველაფერი დავკარგე. პარიზში არავის ვიცნობდი. ამანდა კაზალეტმა, რომელსაც იმ დღეს ასევე გადაღება ჰქონდა, მასთან ერთად დაბრუნება შემომთავაზა. ჯერ დიზაინერთან ტანსაცმლის მორგებაზე უნდა წასულიყო – რატომ არ უნდა გავყოლოდი? აი როგორ შევხვდი აზადინ ალაიას. რა თქმა უნდა, არ ვიცოდი ვინ იყო. მის სახლში მისვლისას მახსოვს, ძალიან მორიდებულად ვიქცეოდი. ავუხსენი, რომ ინგლისიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და ფული მომპარეს. ძალიან თავაზიანი იყო და სასტუმროში დარჩენა შემომთავაზა. ტელეფონზე დედაჩემს ფრანგულად ელაპარაკა და მომდევნო დღეს Rue du Parc-Royal-ში მის სახლში გადავედი. მას შემდეგ პარიზში ჩემი ცხოვრება ყოველდღიურად სტუდიაში სიარულს, სასტუმროში დაბრუნებას, შხაპის მიღებას, ოთახის სერვისით მომსახურებას, ტელევიზორის ყურებას და დაძინებას გულისხმობდა. მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული ყოველთვის, როდესაც პარიზში ჩავდიოდი აზადინთან ვრჩებოდი. მისი საშუალებით ყველაზე საოცარ ხალხს შევხვდი: თინა ტერნერს, ანდრეი პუტმანს, ჯერი ჰოლს, გრეის ჯონსს. აზადინი თავის გარშემო ყოველთვის ოჯახურ ატმოსფეროს ქმნიდა. არ მიწევდა ჩემი თავის მამის როლში ყოფნა, მგონი მამის თვისებებს ვეძებ კაცებში, რომლებიც მიყვარს და პატივს ვცემ ისე, როგორც კრის ბლექველს აილენდ რეკორდსიდან და ქუინსი ჯონსს. (ქუინსის ბავშვები თავიანთ მეშვიდე დას მეძახიან და დასავით მექცევიან.) ასეთივეა აზადინიც, რომელსაც “Papa”-ს ვეძახი. ის “Ma fille”-ს მეძახის. თავიდან ზოგი ჩვენებისთვის ჩემი კანის ფერის გამო არ ამიყვანეს. ამას ჩემი გაღიზიანების საშუალება არ მივეცი. ადრეული ასაკიდან აუდიტორიის წინაშე წარდგომის და პერფორმირების საშუალებით მივხვდი თუ რას ნიშნავს იყო შავკანიანი. ზედმეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინო. ორჯერ უკეთესი უნდა იყო.
#ნაომიქემბელი
#მოდა
#დიზაინი
#მოდელები
#ტოპმოდელები
Tbilisi
0