აშშ-ში მსხვერპლი მოჰყვა ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შეიარაღებულ თავდასხმას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სულ მცირე 4 ადამიანია მოკლული ამერიკის ოკლაჰომის შტატის ქალაქ თალსაში. არიან დაჭრილებიც. შეიარაღებული თავდასხმა 1 ივნისს მოხდა წმინდა ფრანცისკეს სახელობის ჰოსპიტლის კამპუსში. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მკვდარია თავდამსხმელიც, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობა თავად მიიყენა. ამერიკული მედიასაშუალებების ცნობით, მამაკაცი, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, შეიარაღებული იყო პისტოლეტით და შაშხანით. არასამთავრობო ორგანიზაციას, Gun Violence Archive-ს წლის დასაწყისიდან უკვე აღრიცხული აქვს 233 მასობრივი სროლა და 12 მასობრივი მკვლელობა. 24 მაისს, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ტეხასის შტატის ქალაქ იუვალდის დაწყებით სკოლაზე. 18 წლის ადგილობრივმა მკვიდრმა, სალვადორ რამოსმა მოკლა 21 ადამიანი, მათ შორის 19 ბავშვი. თავად რამოსი პოლიციელებმა მოკლეს.  ტეხასის ტრაგედიის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, რომ დროა იმოქმედონ და წინააღმდეგობა გაუწიონ მათ, ვინც იარაღის თავისუფლად ფლობას ლობირებს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბაიდენის ერთ-ერთი დაპირება იყო ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრება, თუმცა, კონგრესში საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს იარაღის შეძენამდე პირის მკაცრად შემოწმების დაკანონებას. https://www.radiotavisupleba.ge/a/31879773.html

Source: radiotavisupleba.ge