"დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ფარდის მიღმა მყოფებმა პოლიტსაბჭოს არჩევითობა გააუქმეს" - მელია ყრილობას ეხმაურება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს, 5 თებერვალს გამართულ შიდაპარტიულ ყრილობასა და ახალი პოლიტსაბჭოს დამტკიცებას ეხმაურება. ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის ამბობს, რომ პარტიაში "ფარდის მიღმა მყოფმა ადამიანებმა" პოლიტსაბჭოს არჩევითობა გააუქმეს. ენმ-ის დღევანდელ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა ისე დაამტკიცეს, რომ ძველი შემადგენლობის გაუქმებისა და ახლის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა წევრთა ნაწილს. განახლებულ სიაში ვერ მოხვდა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. "დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკონონმდებლო ორგანოს არჩევითობა - ყრილობის მიერ, რომელსაც ორგანიზატორები "მცირესა და ტექნიკურს" უწოდებდნენ. გაუქმდა რამდენიმე, ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით, ისე რომ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა. ისე რომ "ტექნიკური ყრილობის" მონაწილეებმაც კი არ იცოდნენ. კრების მიერ, სადაც 335 დელეგატის შერჩევა თავად მოახდინეს - დამტკიცდა პოლიტსაბჭოს შედგენის წესი, სადაც ფაქტობრივად არაფერი რჩება არჩევითი ან ასარჩევი", - წერს მელია. იგი თავის განცხადებაში "ჩრდილოვან მმართველობას" ახსენებს და აცხადებს, რომ ყრილობაზე ამომრჩევლის 40%-ზე მეტს [იგულისხმება ნიკა მელიას მხარდამჭერები - რ.თ.] უარი უთხრეს პარტიის მართვაში მონაწილეობასა და პოლიტსაბჭოში წარმომადგენლის ყოლაზე. "... ერთობაზე ისაუბრეს და განხეთქილება დათესეს ყოველ ნაბიჯზე, რომელიც ბოლო ორ თვეში გადადგეს. მიშაზე ისაუბრეს და მიშასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, უადგილო და უდროო აქტივობებით გადაფარეს. ერთგულებაზე და ნაციონალური მოძრაობის 22 წლიან ტრადიციაზე ისაუბრეს და მიშას უახლოესი თანამებრძოლები საკუთარი "მეგობრებით" ჩაანაცვლეს. ყოველივე ეს არა მხოლოდ ნათქვამი სიტყვის ფასზე, არამედ ამ გაუფასურებული სიტყვის მიღმა არსებულ მიზნებზე მეტყველებს. ჩრდილოვანი მართვა ყველგან ერთნაირია - მიუხედავად იმისა ვინ მართავს, ან რა მიზნით ხსნის მსგავსი ტიპის მართვის საჭიროებას. ჩრდილოვანი მმართველი, მოდის ემოციური დაპირებით დაცლილი რაციონალიზმისა და პრაგმატიზმისაგან და დემოკრატიით მოსული ამყარებს ავტოკრატიას", - ვკითხულობთ ნიკა მელიას განცხადებაში. ყრილობაზე პოლიტსაბჭოს შემადგენლობის არჩევას გამოეხმაურა ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე. მან დაწერა, რომ შეკრებაზე დასწრების მიუხედავად, პოსტ-ფაქტუმ გაიგო ახალი პოლიტსაბჭოს შექმნაზე: "ჩვენი პარტიის ამომრჩევლის პატივისცემა არის უპირობო. მაგრამ ჩემი მოსაზრებით, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი და პარტიის წევრებიც ვიმსახურებთ პოლიტიკური საბჭოს გაცილებით მაღალი ჩართულობით არჩევას. სამწუხაროა, ყრილობაზე ყოფნის მიუხედავად, პოსტ-ფაქტუმ გავიგე პოლიტსაბჭოს არჩევნების შესახებ. სამწუხაროა მსგავსი მიდგომა". ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა გააკრიტიკა ენმ-ის კიდევ ერთმა წევრმა ეკა ხერხეულიძემ და მას "არადემოკრატიული" უწოდა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ პოლიტსაბჭოს სიიდან ის ხალხი ამოიღეს, ვინც "საკუთარი მხრებით შეინარჩუნა პარტია". იგი, მათ შორის ასახელებს ზურა მელიქიშვილს, ნუგზარ წიკლაურს, ხათუნა ოჩიარსა და გიორგი პატარაიას. "დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არამცთუ ელექტრონული მეთოდით არჩევა შესთავაზეს ხალხს, არამედ, მთლად ისეთი წესი მიიღეს, რომელიც მთლიანად უარს ამბობს დემოკრატიულ პრინციპებზე. მეგონა, ბევრ შეცდომას იმიტომ უშვებენ, რომ ჩვენგან განსხვავებული ფარული უნარების მქონეებს,მიხეილ სააკაშვილზე დარდით გათანგულებს, იმდენად დიდი წყურვილი აქვთ უმოკლეს დღეებში დაიხსნან ტყვე, რომ მიზეზიც ეს არის შეცდომების თქო და, ეს რა ვნახეთ - მარტის ნაცვლად პოლიტსაბჭო დღეს აურჩევიათ და ელექტრონული არჩევნების ნაცვლად, საკუთარი სურვილებით გამოუგონებიათ კვოტები. თავიანთვე მოგონილი არჩევნების შედეგით მიღებული 40%-ის მქონე კანდიდატი, ნიკა მელია, საერთოდ ამოუღიათ სიიდან. ცხადია, იქ არ ვიქნები, სადაც ბრძოლაში დაღლილი ჩემი მეგობრებისთვის ადგილი არ დაგიტოვებიათ და დროზე ამომშალეთ მათ, ვისაც იმასაც კი არ გკითხავთ - არ გრცხვენიათ?!.." - წერს ხერხეულიძე. დღეს ენმ-ის შიდაპარტიულ ყრილობაზე, სადაც ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ოფიციალურად დაამტკიცეს, დაამტკიცეს პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა; პარტიის პოლიტსაბჭოს მდივანი, კობა ნაყოფია ლევან ბეჟაშვილმა ჩაანაცვლა; ყრილობაზე, ასევე აირჩიეს გენერალური მდივანი, რომელიც ისევ პეტრე ცისკარიშვილი გახდა. ახალი წესდებით, რომელიც ყრილობაზე დამტკიცა, პარტიის და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს 4 წლის ნაცვლად 2 წლის ვადით აირჩევენ. შესაბამისად, მომდევნო არჩევნები 2025 წელს ჩატარდება. დღევანდელ შეკრებაზე პარტიის ლიდერები, წევრები მივიდნენ. ასევე, რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ყრილობას არ დაესწრო პარტიის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. ორდღიანი არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში" 30 იანვარს დასრულდა. პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის მოქმედი ხელმძღვანელი ნიკა მელიაც. არჩევის შემდეგ ხაბეიშვილმა თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" მიღებული პირველი გადაწყვეტილებები დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ პარტიის დამფუძნებელია. https://www.radiotavisupleba.ge/a/32256558.html

Source: radiotavisupleba.ge