პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას 5 მილიონი რუბლის გადახდაზე უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებისთვის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას 5 მილონი რუბლის (82 000-მდე აშშ დოლარის) გადახდაზე რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების იმ წარმომადგენელთა ოჯახებისთვის, რომლებიც დაიღუპნენ ე.წ. "საგანგებო საომარი ოპერაციის" დროს უკრაინის ტერიტორიაზე, და აგრეთვე საომარი მოქმედებებისას სირიაში.  ბრძანების თანახმად, ანალოგიურ თანხას მიიღებენ უკრაინასა და სირიაში დაღუპული რუსი "მოხალისეების" ნათესავები. თებერვალში, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის არმიის შეჭრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ, მარტის ბოლოს გამოაცხადა დანაკარგის შესახებ. უწყების თანახმად, იმ მომენტისთვის დაღუპული იყო 1350-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე.  უკრაინის ხელისუფლება იუწყება, რომ ივნისისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე მოკლული იყო რუსეთის 30 ათასზე მეტი სამხედრო. ამ მონაცემის დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31885975.html

Source: radiotavisupleba.ge