დიახ , მე თავისუფალი ადამიანი ვარ !

Marneuli Daily

წარმოგიდგენთ თამამ აბდულოვას ბლოგს, იგი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ხოლო ამჟამად, თავშესაფარში ცხოვრობს. "უკვე ხუთი თვეა, რაც დამოუკიდებლად ვცხოვრობ, მშობლებისგან შორს. თითქმის ყველაფერს მივეჩვიე, ყველაზე მეტად - მარტო ცხოვრებას. სხვათა შორის, მარტოც არ ვარ. აქ, თავშესაფარში, მყავს დიდი ოჯახი, რომლის წევრებიც ყოველთვის ჩემ გვერდით არიან და მხარს მიჭერენ, რომ უფრო გავძლიერდე. სწავლის საქმეც კარგად მიდის, ჩვეულებრივ ვაგრძელებ მეცადინეობებს და მიზანდასახულად ვმუშაობ ჩემი სამომავლო გეგმების განსახორციელებლად. დიდი ხანი არაა, რაც მუშაობაც დავიწყე. ძალიან მიხარია, რომ ამ მოკლე ხანში ბევრ რამეს მივაღწიე და ჩემს თავში დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში უფრო მეტსაც მივაღწევ. ხუთი თვის განმავლობაში, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში, ვისწვალე დამოუკიდებლად ცხოვრება. ახლა უკვე კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს თავისუფლება და თურმე რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონია ჩემთვის თავისუფლების არსს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჩემი ცრემლებით სავსე ცხოვრება მწარე წარსულში დარჩა, ამის სანაცვლოდ კი დიდი ბედნიერება მეწვია. ისეთი გრძნობაა, რომ ამ ბედნიერების დაკარგვა არ მინდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევინარჩუნო ეს სიმშვიდე. დღეს ჩემს თავს ნაწილობრივ წარმატებულად ვთვლი, თუმცა მინდა, ისეთ წარმატებებს მივაღწიო, რომ მომავალში მამაჩემმა ნახოს და ინანოს, რომ ჩემსავით საამაყო შვილი უბრალოდ დაკარგა. არ დაგიმალავთ, მამაჩემი ზოგჯერ ძალიან მენატრება, თუმცა ამასთან ერთად, მახსენდება ის ტკივილი და ტანჯვა, რასაც მასთან ცხოვრების დროს გადავიტანე და ამიტომაც არასდროს მიჩნდება დაბრუნების მცირედი სურვილიც კი. ცხოვრების შეცვლის შემდეგ მივხვდი, რომ წინა ცხოვრებაში უბრალოდ ციხეში ვყოფილვარ. აქ იმდენად კარგად ამეწყო ცხოვრება, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. მივხვდი, რომ ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის თავისუფლება ყოფილა. დღეს დიდი დარწმუნებით ვამბობ: დიახ, მე თავისუფალი ადამიანი ვარ! ოჯახის წევრებთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. ნამდვილად არ ვიცი, მომავალში მექნება თუ არა. თუმცა, ჯერჯერობით, მსგავსი სურვილი არ გამჩენია. აქ მაქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება, სიძლიერის, თავისუფლების, მეგობრებთან დროის გატარების, გართობის, მეცადინეობის, წიგნების კითხვის, მარტო ყოფნის და სხვა მრავალის უფლება. ამის უბრალოდ მცირედ ნაწილს ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ოჯახისგან მოველოდი, თვხოვდი და ვეხვეწებოდი თუმცა ისინი სამაგიეროდ უბრალოდ აგრძალვებს მიწესებდნენ, რაც უბედურს მხდიდა." წყარო : ფანჯარა #მარნეული #ძალადობა #ოჯახი #ქალი #marneulidaily #ახალიამბები #news