ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, რუსეთის ფედერაციასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მეოთხე დღეა ვერ იხსნება. ამის მიზეზი გზაზე ჩამოწოლილი მიწის და ქვის მასაა. დე ფაქტო რესპუბლიკის საგზაო სამსახურებმა გზაზე ტალახისა და ქვის მასების გაწმენდის სამუშაოები სამშაბათს შუადღით ისევ შეაჩერეს, - ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. მათი თქმით, ამის მიზეზი კვლავ ამინდის გაუარესება გახდა. „მთაში ამინდი გაუარესდა, საგზაო სამსახურები დილიდან მუშაობენ ამიერკავკასიის გზატკეცილის ბურონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე წამოსული ღვარცოფის გასასუფთავებლად, ახლა კი სამუშაოები შეჩერებულია". - განაცხადეს სააგენტო „რესთან“ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლებმა. მანამდე მაგისტრალი სამი დღით იყო დაკეტილი. ორშაბათს მძღოლებს მცირე ხნით მისცეს გადაადგილების უფლება, მაგრამ ღვარცოფი ისევ წამოვიდა და გზაზე მიწის და ტალახის მასა ჩამოწვა. როკის გვირაბზე გამავალი ავტომაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალს რუსეთთან აკავშირებს. მისი სიგრძე 164 კმ-ია. მარშრუტის ძირითადი ნაწილი მაღალმთიან რელიეფზე გადის. ზამთარში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ეს გზა, ბუნებრივი მოვლენების გამო, ხშირად იკეტება და ცხინვალის რეგიონი გარკვეული დროით გარესამყაროს სწყდება. ს ტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ოკუპირებული ახალგორის რაიონშიც. სოფლების წინაგარა-ღრომის დამაკავშირებელი გზა დაზიანებულია. საავტომობილო მიმოსვლა შეჩერებულია. ამის შესახე დე ფაქტო გამგეობის პრესსამსახურში განაცხადეს. გარესამყაროს მოწყვეტილ რამდენიმე სოფელს პროდუქტები ზაყორის შემოვლითი გზით მიაწოდეს. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გასული კვირის პარასკევის შემდეგ წვიმა, ქარი და ელჭექი არ წყდება, რამაც მდინარეების ადიდება და მეწყერული პროცესები გამოიწვია. https://www.radiotavisupleba.ge/a/31920200.html

Source: radiotavisupleba.ge