როგორია ოჩამჩირეში გატარებული ზაფხულის დიდი არდადეგები - ქართველი გოგოს ჩანაწერი ოჩამჩირედან

0
გამარჯობა, მე ნინო ცუცხუბაია ვარ აფხაზეთიდან, კერძოდ კი გალის რაიონში სოფ.საბერიოში ვცხოვრობ. მე მინდა მოგიყვეთ ჩემს სამშობლოზე, ჩემს აფხაზეთზე, მაგრამ ვინიდან სათქმელი ძალიან ბევრია და რა თქმა უნდა ყველაფრის მოყოლას ამ თემით ვერ მოვახერხებ. მე მოგიყვებით აფხაზეთის ერთ-ერთ საკურორტო და უდიდეს რაიონზე - ოჩამჩირეზე. ბებიაჩემი, ნაზო ვარდაია, დედით ქართველი და მამით აფხაზი იყო. იგი ოჩამჩირეში დაიბადა, დღესაც მამაჩემის დეიდა (ბებიაჩემის და) ოჩამჩირეში ცხოვრობს და მე ბიძაშვილებთან ერთად ყოველი ზაფხულის არდადეგებზე ოჩამჩირეში და სოხუმში დავდიოდი, იქ გავატარეთ ბავშოვობის დაუვიწყარი და სასიამოვნო პერიოდი, სწორედ ამიტომ მინდა გადმოგცეთ ჩემი სიყვარული და გრძნობები ოჩამჩირის მიმართ და გამოგზაუროთ ამ საოცარ ადგილას. სუფთა ჰაერი, კამკამა ლურჯი ზღვა, სულ სხვანაირად მცხუნვარე მზის სითბო და მშვენიერი ბუნება, აი რა მიიქცევს უპირველეს ყოვლისა თქვენს ყურადღებას ოჩამჩირეში. ყოველთვის ერთი სული მქონდა როდის დაიწყებოდა ზაფხულის დიდი არდადეგები, რომ ჩქარა წავსულიყავი ოჩამჩირეში და მთელი სამი თვე იქ გამეტარებინა, არასდროს მომბეზრდებოდა იქ ყოფნა და სახლში წასვლაზეც არასდროს მიფიქრია, მოწყენაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ძალიან მიყვარდა სანაპიროზე ჩამოჯდომა და ლურჯი თვალუწვდენელი სივრცის ცქერა, რომელიც არ მთავრდებოდა არასდროს, ნიჟარების შეგროვება, ცხელ ქვიშაზე სირბილი, სახლების აშენება და სანაპიროზე დიდი ასოებით დაწერა „მე მიყვარს აფხაზეთი“, რომელსაც ტალღები ერთი მეორის ჩანაცვლებით მიშლიდნენ და თავიდან ვაწერდი. ხშირად დილით ადრე მივდიოდით ზღვაზე და მზის ჩასვლამდე იქ ვიყავით, ისე რომ ნაშუადღესაც არ მოვდიოდით სახლში, (რაზეც ბებიაჩემის და გვიბრაზდებოდა ხოლმე, ასე როგორ შეიძლება, სახლში უნდა მოხვიდეთ დაისვენოთ და მერე ისევ წადით, როგორ მწარედ ანათებს მზე არ შეიძლებაო) მაგრამ ჩვენ დილით მოვიმარჯვებდით ქოლგებს, საკვებს რომ მთელი დღე იქ გაგვეტარებინა, ასე უფრო ხალისიანი იყო ეს დღეები, სახლში დაბრუნებულები ძალიან დაღლილები ვიყავით. ვანთებდით კოცონს, ვწვავდით მწვადებს, სიმინდს. ოჩამჩირეში მიედინება ერთი დიდი მდინარე ღალიძგა, რომელსაც სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მისი სიგრძე არის 53კმ, ძალიან სწრაფი დინებით მიედინება, მდინარეს აქვს ერთი ადგილი სადაც ცხელი წყალი მიედინება, ამბობენ ეს წყალი სამკურნალოც არისო. ჩვენ კი იმ ადგილას დავდიოდით, სადაც ღალიძგა და ზღვა ერთმანეთს უერთდებოდა. ეს ძალიან ლამაზი სანახაობა იყო, ერთ მხარეს ლურჯი აღელვებული ზღვის ტალღების ხმა მეორე მხარეს კი კამკამა მდინარე მიედინებოდა ჩუმად, შემდეგ კი ერთმანეთში, რომ ედინებოდნენ ერთობლივად სხვანაირ ხმაურს ჰქმნიდნენ... ეს არის თვალუწვდენელი სივრცე, მზერა არაფერზე, რომ არ შეგიჩერდება, სასიამოვნო გრძნობა გეუფლება, უზომოდ ბედნიერად გრძნობს თავს, მზე ზღვაზე რომ ირეკლება, ლურჯი ზღვა ბევრად უფრო ლურჯი ჩანს. იცით?ადამიენბიც უფრო ფერადები არიან იქ, რომ ვაკვირდებოდი, მაგრამ გულს გადამწვარი სახლები მიკლავდა..დასანანია ასეთი საკურორტო მხარე ასეთი გავერანებული რომ არის..ოჩამჩირეში გარეუბნიდან ქალაქამდე ერთსართულიანი სახლებია ჩამწკრივებული, მოვლილი ბაღებითა და პატარა ეზოებით, თუმცა დღეს ამ სახლების ნაევარზე მეტი დაცარიელებულია, მიტოვებული, განადგურებული...ერთ დროს ხალხმრავალი, მრავალერიანი ქალაქიდან ნანგრევებია დარჩენილი, რაც ძალიან მოქმედებს ჩემზე.. ოჩამჩირის ცენტრში გარემონტდა ადმინისტრაციული შენობა, კულტურის სახლი, ახალგაზრდული ცენტრი, თუმცა ოდესღაც ამ სავაჭრო ქალაქს უწიდებული ენერგია აღარ შერჩა. ოჩამჩირეში არის ილორის წმ.გიორგის ეკლესია, რომელიც აგებულია სოფ.ილორის შუაგულში, ის შუასაუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა, თუმცა 2010 წელს რუსმა ოკუპანტებმა ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს და ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მრლიანად, ხოლო შიდა კედლები ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს, აღმოსავლეთი მხარე კი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად გადალესეს.. ყველაფერი ამის მიუხედავად ოჩამჩირეში ცხოვრება გრძელდება, ბებია გარდამეცვალა 6 წლის წინ, თუმცა ბებიაჩემის და დღესაც იქ, ოჩამჩირეში ცხოვრობს, მე ახლა უკვე მეორე კურსის სტუდენტი ვარ, ვსწავლობ თბილისში, სოხუმის სახლმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა დღესაც ვაგრძელებ ყოველ ზაფხულს ოჩამჩირეში წასვლას და ყოველ ჯერზე როდესაც იქ მივდივარ ფორიაქის შეგრძნებას განვიცდი, ვფორიაქობ რადგან ჩემს წინ გადაიშლება ხოლმე მოგონებების წიგნი, მთელი ბავშოვიბა თვალწინ დამიდგება ხოლმე, რადგან ახლა ყველაფერი სულ სხვანაირადაა, ახლა აღარ ვაშენებ ქვიშისგან ოჩამჩირის სანაპიროზე სახლებს, აღარ ვაგროვებ ნიჟარებს, აღარ ვრჩებით დილიდან საღამომდე ზღვაზე.. ძალიან მიყვარს აფხაზეთი და მისი ყველა კუთხე-კუნჭული, მიყვარს სოხუმი, ოჩამჩირე, მიყვარს ჩემი სოფელი საბერიო, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ავიდგი ფეხი... მინდა, რომ ყველამ შეძლოს აქ ჩამოსვლა და თვითონ იგრძნონ აქაური სითბო, სიყვარული და მე მჯერა, რომ ეს ასე იქნება.
#ოჩამჩირე
#ისტორია
#აფხაზეთი
#ოკუპაცია
#sokhumidaily
0