ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ბათუმი მწვანე ზონაა და ჩვენ კორონავირუსის აქტიური შემთხვევა აღარ გვაქვს. პოზიტიური დინამიკაა მთლიანად საქართველოშიც, რადგან ინფიცირებულთა 70%-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა. მსოფლიოშიც, კორონავირუსის გავრცელების დონე ნელ-ნელა იკლებს, თუმცა ეპიდემიოლოგები მეორე ტალღის საშიშროების შესახებ გვაფრთხილებენ. არავინ იცის, ზუსტად როდის დადგება მეორე ტალღა, ამიტომ ველოდებით ვაქცინის დამტკიცებას ან სამკურნალო საშუალების გამოგონებას.
რამდენად უსაფრთხოა ბათუმის გახსნა ტურისტებისთვის? ძირითად გამოწვევას საერთაშორისო ტურისტების მიღება წარმოადგენს. ეპიდემიოლოგების დიდი ნაწილი და მსოფლიო ლიდერებიც ამბობენ, რომ ეკონომიკისთვის აუცილებელია, ინდუსტრია გაიხსნას. ხოლო "დარჩი სახლის" ნაცვლად, ექიმები გვეუბნებიან, რომ ვირუსთან ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ამ კუთხით, ზუსტი გაიდლაინები, ანუ წესები, ჯერ არ არსებობს.
ამირან გამყრელიძემ ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ტურისტებს ტესტირების ჩატარება ან ბოლო 72 საათში ტესტირების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა დასჭირდებათ. პაატა იმნაძემ კი თქვა, რომ ტურისტები, ფაქტობრივად, კარანტინში ჩამოვლენ. თუ კარანტინში ჩამოსვლა 14 დღიან თვითიზოლაციას ნიშნავს, ტურისტებისთვის გახსნის გეგმა, ბუნებრივია, ჩავარდება. ხოლო თუ, როგორც პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა, ტურისტებს ტესტირებას ადგილზე ჩაუტარებენ, ბევრი კითხვა ჩნდება. მაგალითად, სახელმწიფო დაფარავს ტესტის ხარჯს თუ ტურისტი? თუ სახელმწიფო, უფრო იზარალებს თითოეული ტურისტის მიღებას ქვეყნის ეკონომიკა თუ არა? ხოლო თუკი ტურისტს მოუწევს, ჩაიტაროს კვლევა მისივე ხარჯით, საინტერესოა თითოეული ტესტის ფასი და თუ უღირს მას საქართველოში ჩამოსვლა.
ისლანდიის მთავრობის განცხადებით, ჩამოსვლის ყველა მსურველს აქვს არჩევანი, ან ტესტი გაიკეთოს და ის საკუთარი ხარჯებით დაფაროს, ან 14 დღე თვითიზოლაციაში იყოს. მთავრობა სთავაზობს ტურისტებს, პანდემიის შემდეგ პერიოდში ჰავა გამოიცვალონ და ქვეყანაში ასეთი პირობებით დარჩნენ. ყველა ჩამოსულ ტურისტს კი აპლიკაციის გადმოწერას ავალდებულებენ, რომ ჯანმრთელობის სტატუსს მონიტორინგი გაუწიონ. შესაძლოა, ეს საქართველოს სახელმწიფო, ან აჭარის რეგიონალური პოლიტიკაც გახდეს.
ბათუმში ტურისტები მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიან. მეზობელ ქვეყნებში კი შედის რუსეთიც და სომხეთიც. ორივე ქვეყანას გაცილებით მძიმე ეპიდ-სიტუაცია აქვს, ვიდრე საქართველოს. რუსეთის მონაცამები კი სანდო არ არის. The Moscow Times-ის განცხადებით, სიკვდილიანობა 60%-ით მეტია ოფიციალურ მონაცემებზე. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთიდან ტურისტების მიღებისთვის საჭირო ობიექტური მონაცემები ამ მომენტისათვის არ გვაქვს. ამ ქვეყნებისთვის საზღვრის გაღებამდე, საჭიროა გამოირიცხოს ინფიცირების ფაქტორი.
ბუნებრივია, რომ ბათუმის მწვანე ზონად გამოცხადება კარგია. თუმცა ამ სტატუსის დაკარგვა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე მოპოვება. უკონტროლო ტურიზმი ეპიდ-სიტუაციას დააზიანებს, ჩაკეტილი რეგიონი კი ისედაც განვითარებად და სუსტ ეკონომიკას.
#ბათუმი #ტურიზმი #ტესტები #კორონავირუსი #batumidaily