პატარა სამოთხე ქართველი მებაღის ეზოში, ახალაბასთუმანში.

0
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მცხოვრებ 48 წლის პაატა გოგელიას მცენარის ჯიშები თავად გამოჰყავს. პაატა გოგელიამ სხვადასხვა დეკორატიული ელემენტებით საკუთარი ეზოს მოწყობა ათი წლის წინ დაიწყო. მის ეზოში 100-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის მცენარე ხარობს, მათ შორის: ბზა (კოლხური, ჩვეულებრივი და მეჩხერი), ტიტას ხე, სექვოია, ნეკერჩხალი და სხვადასხვა მცენარეები. პაატა გოგელია პროფესიით დიზაინერია. „დიზაინში ძალიან ბევრი მიმართულებაა. მე ავირჩიე მწვანე სამყარო. თავდაპირველად მანქანების დიზაინზე ვმუშაობდით, მაგრამ ეს ჩემი მოწოდება არ აღმოჩნდა. ჩემში რაღაც სხვა იყო და საბედნიეროდ, ეს „რაღაც“ მალევე აღმოვაჩინე. ძალიან მესიამოვნა მცენარეებთან ურთიერთობა. ცოცხალი არსებაა და ალბათ ამიტომ. დიზაინერის პროფესიამ, მცენარეების მიმართ ჩემმა დამოკიდებულებამ განაპირობა, შემექმნა ეს ბაღი. სხვადასხვა ბაღზე ვმუშაობდი, ამიტომ როცა დრო მქონდა, მაშინ ვმუშაობდი ჩემს ბაღზე. თითქმის ყველანაირი მცენარე მაქვს. დაახლოებით 100-მდე სახეობის, 1 000-ზე მეტი მცენარე იქნება. ძალიან ბევრი მარადმწვანე მცენარეა. მარადმწვანე მცენარეები იმიტომ არის კარგი, რომ ზამთარშიც ინარჩუნებს სილამაზეს და თავისებურ ხიბლს მატებს ეზოს. გაფორმება შეიძლება ფერადი ყვავილებით. განსაკუთრებული რაც არის ჩემს ბაღში, არის ის რომ შევინარჩუნო ქართული სული“. - ამბობს პაატა გოგელია. მისთვის ყველაზე გამორჩეულ მცენარეებად ასახელებს ფინიკის პალმა, რომელიც ისხამს ნაყოფს და არის ყინვაგამძლ და მეორე, ჰიდროკარპუსი. „ეს ყველაზე უიშვიათესი მცენარეებია. მაქვს ასევე კიპაროსების 8-9 სხვადასხვა სახეობა, ეს უკვე კოლექციაა, რადგან საქართველოში შესაძლოა ეზოებში მაქსიმუმ 2-3 კიპარისი ჰქონდეთ. ძალიან რთულია მსგავსი კოლექციის შეგროვება და ყველაზე მთავარი არის ეს მცენარეები მე თავად გამომყავს, ინტერნეტით ვყიდულობ მცენარის თესლებს და შემდეგ გამომყავს სხვადასხვა ჯიშის მცენარეები“. მებაღე, ასევე გარკვეულ კონსულტაციებს უწევს სხვადასხვა კომპანიებს, ასევე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ დენდროლოგიურ პარკს. „ჩემი ეზო გახდა რამდენიმე წლის წინ კონკურსის გამარჯვებული და ეს ფაქტი არავის დარჩენია უყურადღებოდ, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრს. საჭიროებისამებრ ჩავდივარ დენდროლოგიურ პარკში და გარკვეულ კონსულტაციებს ვაძლევ იქ მყოფ მებაღეებს, უფრო დეტალურ ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს ვიკავებ. ჩემს გაკეთებულს ყოველთვის კრიტიკულად ვუდგები და არასოდეს ვარ კმაყოფილი. როგორც უკვე გითხარით ჯერ მხოლოდ 40%-ია გაკეთებული. როცა 60 %-ს გადავაცილებ ვიტყვი, რომ ეს ჩემი საოცნებო ბაღია. რამდენიმე წელში საერთოდ გადავაკეთებ ბაღს, ეს მაქვს მთავარ მიზნად” - აცხადებს პაატა გოგელია.
#ზუგდიდი
#ახალაბასთუმანი
#პატარასამოთხე
#ზუგდიდელიმებაღე
#zugdididaily
0