ერთადერთი სვანური კოშკი აფხაზეთში

0
არეთა - უშხვანარში მცხოვრები კვიციანების ოჯახის 5 ძმიდან ყველაზე უმცროსი იყო. 14 წლისა თავის უფროს ძმას მთიდან ბარში, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაკიანში წაჰყვა. მას შემდეგ, რაც მისმა ძმამ ცოლი შეირთო, ყმაწვილმა სამეგრელოდან უფულოდ, მხოლოდ ათიოდე კილოგრამი დაფნის ფოთლის იმედად, ბედის საძიებლად სოხუმს მიაშურა. ვინ იცის, რამდენჯერ ნახევრად მშიერს უნატრია დედის ხელით გამომცხვარი პური, სვანეთში დაკრეფილი მომჟავო ვაშლი, ნაღვერდალში შემწვარი კარტოფილი, მაგრამ ფიზიკურად უნდა ემუშავა და დღიდან დღემდე თავი მძიმე შრომით გაეტანა. ფიქრის დრო მუდამ ჰქონდა, განსაკუთრებით კოშკების არქიტექტურა აფიქრებდა. ყველა კოშკს სვანები უხსოვარი დროიდან განსაკუთრებული მიდგომით აშენებდნენ. მიწისძვრასა და ზვავის ზათქს მხოლოდ ის კოშკები უძლებდა, რომლის საძირკველი მიწისზედა სიმაღლის მესამედს შეადგენდა. თან კვერცხისებური ფორმით უნდა ყოფილიყო ჩაშვებული ვეება ლიბო მიწაში, სხვანაირად რყევას ვერ გაუძლებდა სიპითა და ფიქლებით ნაშენები კონსტრუქცია... ფიქრობდა ამაზე არეთა და თან თავდაუზოგავად მუშაობდა... არეთას გულკეთილობაც გამოარჩევდა სხვებისგან. საკმარისი იყო, ვინმეს ახლოდან გაეცნო ეს ბიჭი, რომ მის მიმართ პატივისცემით განეწყობოდა. სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის გამო გაუმარტივდა მას სოხუმში დამკვიდრება. ყოველდღიურად იზრდებოდა მათი რიცხვი, ვისთვისაც ის პატივსაცემი ადამიანი გახდა, მათ შორის იყო აფხაზეთის იმდროინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლეო არძინბა. სწორედ მისი დახმარებით, მომავალში რეგიონისთვის უამრავი სასიკეთო საქმის განხორციელება შეძლო არეთამ. პირველი ასეთი საქმე წყალსადენის პროექტი იყო. ამ პროექტის შედეგად სასმელი წყლით უზრუნველყოფა მოხერხდა გუდაუთის, გულრიფშისა და ოჩამჩირის 50-მდე სოფლის მცხოვრებთათვის. ამის გამო იქაური მოსახლეობა დღემდე პატივისცემით იხსენებს ამ ადამიანის სახელს. მშენებლობის მასშტაბები იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი იყო. მდინარეების სათავეებიდან, კლდეების გავლით გაიჭრა 50-კილომეტრიანი გზა წყალსადენის მილებისთვის, აშენდა სათავე ნაგებობი და აუზები. თითოეულ ობიექტზე დაახლოებით სამასი ადამიანი იყო დასაქმებული. გონივრულად დაპროექტებულ საქმეს ორგანიზაციული ნიჭიც ამშვენებდა... მალე არეთა აფხაზეთში თითით საჩვენებელი ადამიანი გახდა, რომლისთვისაც შეუძლებელი თითქმის არაფერი იყო. მისი სახლის სტუმრები ხშირად იყვნენ როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და გამოჩენილი მოღვაწეები, ასევე საბჭოთა კავშირის რანგით მაღალი თანამდებობების პირები. მის სტუმართმოყვარეობაზე კი მთელ აფხაზეთში ლეგენდები დადიოდა. სწორედ ამ პიროვნული თვისებებისა და პროფესიონალიზმის გამო არეთა ერთადერთი ქართველი გახდა, რომელსაც უფლება მიეცა აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლებაში აეშენებინა სვანური კოშკი. მიუხედავად იმ კვალისა, რომელიც ომმა ამ სოფელსა და მთლიანად აფხაზეთს დაატყო, დანგრეულ-გაძარცული შენობების ფონზე დღესაც ამაყად დგას ეს კოშკი, როგორც სიმბოლო და დასტური იმისა, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო და იქნება საქართველოს ნაწილი. ფოტოზე ოდნავი დაკვირვების მერე გიჩნდება აზრი, რომ კოშკის ჯვრებით შემკულ კედლებს თითქოს ფარავს უფლის ძალა და უძლებს დროსაც, ადამიანთა უგუნურებით წამოწყებულ შფოთსა და ქარტეხილებსაც. საძირკველთან ახლოს დაქცეული სახლის კედლებია, იქვე თუ შორს ჩანს მე-20 საუკუნის ბოლოს ტყვიებით დაცხრილული ქართულ-აფხაზური საუკუნოვანი მეგობრობა... ტკივა ეს იარა აფხაზეთს, მაგრამ სალბუნი არსადაა. იმედი კი მაინც არის, რადგან არეთასეული კოშკი გაუძლებს საუკუნეებს და ასეულობით წლების მერე ისევე იამაყებენ ქართველები ამ არქიტექტურით, როგორც ახლა ვამაყობთ სევდანარევად ბედიისა და ბიჭვინთის ტაძრებით. ვიღაც აუცილებლად იტყვის, ადრეული შუა საუკუნეების სვანური არქიტექტურა მე-20 საუკუნეში გააცოცხლა არეთა კვიციანმა აფხაზეთში და ამით ავის მსურველებს აგრძნობინა, აფხაზეთი რომ საქართველოაო! როცა საუკუნეობით ნაგები მეგობრობის ხიდი რუსულმა იდეოლოგიამ ჩაანგრია, არეთა იძულებული გახდა, აფხაზეთი დაეტოვებინა და მშობლიურ სვანეთს მიაშურა. გადაწყვიტა, იქ დაფუძნებულიყო და სახლი შეიძინა. სოფელში გაურკვევლობა მოხდა, რის შედეგადაც მისი სახლი დაიწვა. შესაძლოა, ეზედმეტა ვინმეს აფხაზეთში ნაცხოვრები კაცის მამაპაპეულ სოფელში დაბრუნება... ახლა მხოლოდ კედლის ნაშთებიღა დარჩენილა იქ... არეთა კონფლიქტის არიდების მიზნით სვანეთს მოშორდა და ზუგდიდისკენ აიღო გეზი. მაშინდელი გუბერნატორის, ბონდო ჯიქიას დახმარებით იჯარით მიიღო მიწის ნაკვეთი და საკუთარი ხარჯებით დაიწყო აფხაზეთის კოშკის ანალოგის მშენებლობა. მაშინ, როცა პროექტი თითქმის ბოლომდე ჰქონდა მიყვანილი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაგიკულად გარდაიცვალა ხობში. დაკრძალეს ზუგდიდში, მისსავე აშენებული კოშკის ძირში, შემდეგ კი სვანეთში, მშობლიურ მიწაზე გადაასვენეს. წყარო: გზა
#სოხუმი
#კოშკი
#აფხაზეთი
#sokhumidaily
0