შიდსი ჩახუტებით არ გადადის - გზავნილი მათთვის, ვინც სტერეოტიპების ტყვეობაშია

0
"1 თვის წინათ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. მოვკვდები - ასე მივიღე შიდსის დიაგნოზი, რომლის შესახებაც თითქოს ყველაფერი ვიცოდი. პირველმა შოკმა გამიარა. ახლა ვიცი, რომ არ ვკვდები, შემიძლია ვიმკურნალო. მაგრამ მკურნალობას თუ დავიწყებ, გაიგებენ რომ ინფიცირებული ვარ. ჩემი დიაგნოზის შესახებ ღიად არ ვლაპარაკობ. სხვა როგორ მიმიღებს, როცა ოჯახის წევრების მხრიდანაც კი დისკრიმინაციის მსხვერპლი გავხდი. ისე მიყურებენ, როგორც კეთროვანს. აღარც კი მეხუტებიან - ყველაზე უფრო ამას განვიცდი. ვიცი, რომ უნდა ვიმკურნალო და თან მეშინია, რომ აღარავინ დამრჩება გვერდით. არც შენ გეტყოდი ალბათ, ჟურნალისტი რომ არ იყო, " - ამბობს მარი და მთხოვს გავაგებინო ყველას, რომ "შიდსი ჩახუტებით არ გადადის". მარი 26 წლისაა. არ იცის როგორ შეხვდა ინფექცია, მაგრამ გაუმართლა და დროულად გაიგო დიაგნოზის შესახებ. ახლა სათანადო მკურნალობა უნდა ჩაიტაროს - ეს აუცილებელი და ერთადერთი გამოსავალია. ამას ამბობენ სპეციალისტებიც. მათ, ვინც დიაგნოზს მალავს, მოუწოდებენ - ნუ შეეწირებიან საზოგადოებრივ აზრს და დროულად დაიწყონ მკურნალობა. ბათუმის შიდსის ცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ მზარდი სტატისტიკის ფონზე, გარდაცვლილთა რაოდენობამ იკლო და დაავადება მართვადი გახდა. აჭარის მასშტაბით თვეში, საშუალოდ, 8 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ცენტრში ამ დროისთვის 650 პაციენტია რეგისტრირებული, მიუხედავად მკურნალობის ხელმისაწვდომობისა, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, აჭარაშიც დაბალია გამოვლენა და არასაკმარისია მკურნალობაში ჩართვის მაჩვენებელი. ე.ი. სტატისტიკა რეალურ სურათს არ ასახავს. არ ასახავს იმიტომაც, რომ ინფიცირებულებს საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო, ეშინიათ საკუთარი სტატუსის გამომჟღავნების. ეშინიათ, რომ გაირიყებიან, უმეგობროდ დარჩებიან. შიდსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს დაუცველი სექსუალური კავშირით, სისხლით, ასევე, დედიდან შვილზე (მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში) - ამას ამბობს მედიცინა. ამ შეტყობინებას გიგზავნით მარიც და გთხოვთ, როცა შიდსით ინფიცირებული ადამიანის პირისპირ დადგებით, გახსოვდეთ - "შიდსი ჩახუტებით არ გადადის!"
0