რას ნიშნავს ქუთაისის ბრენდინგი და ახალი სლოგანი ?- ინტერვიუ სტრატეგიული ბრენდინგ სააგენტოს დამფუძნებლებთან

0
„ქუთაისი ქალაქია“ - გაგრძელება იცის ყველამ, მაგრამ მოდი, აქ შევჩერდეთ და ფრაზა შუაში გავხლიჩოთ. არავის უფიქრია ამ ორ სიტყვას შორის ისეთი ეპითეტების ჩასმაზე, რომელიც ქუთაისს საუკეთესოდ აღწერს. მაგალითად, ქუთაისი მედეას ქალაქია, ქუთაისი სატახტო ქალაქია, კოლხური კულტურის ქალაქია, ცისფერყანწელების ქალაქია და ასე უსასრულოდ... კონტექსტურად ცვლადი სლოგანი ქუთაისის ბრენდინგის ნაწილია, რომელზეც სარეკლამო სააგენტო „მილენიალ ჰაბმა“ იმუშავა. სააგენტოს დამფუძნებლები ვასკა ჩუბინიძე და გიორგი ტაბატაძე feedc-ის მკითხველს ყველა იმ დეტალს უზიარებენ, რაც ბრენდიგნის დროს გაითვალისწინეს. მანამდე კი დავიწყოთ ზოგადად - რას ნიშნავს ქალაქის ბრენდინგი და რა საჭიროა ის? გიორგი: ზოგადად, ბრენდინგის მიზანია კონკრეტული კომპანიების, სერვისების და პროდუქტების გარეშემო ემოციური ბმების შექმნა, რომელიც აადვილებს გადაწყვეტილებას ამ პროდუქტის მოხმარების შესახებ და ადამიანში კონკრეტულ განწყობებს იწვევს. როგორც შოკოლადის ბრენდინგია საჭიროა, იმისათვის რომ მილიონ შოკოლადს შორის ის კონკრეტული ავირჩიოთ. ზუსტად იგივე საჭიროება დგას ქალაქებისთვისაც, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ბევრად უფრო რთულადაა. ვასკა: წარმატებული ბრენდინგი არამხოლოდ ტურისტების რაოდენობით განისაზღვრება, არამედ ერთი მიმართულების შექმნით. მაგალითად, პარიზი სიყვარულის ქალაქია, ეს დღეს დოგმაა და ჩანს მასზე გადაღებული ფილმებიდან, ფოტოებიდან, ტურისტებზე გათვლილი სანახაობებიდან და ა.შ სწორედ ესაა ახლა ჩვენი მიზანი - ქუთაისის ირგვლივ ერთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც 10-15 წლის შემდეგ ასეთივე ნორმად იქცევა. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი დამკვეთი DMO IMERETI ასე სერიოზულად მიუდგა ბრენდინგის საკითხს და მოგვცა ამ მიმართულებით მუშაობის საშუალება. - აქვს თუ არა ქალაქის „ბრენდულობას“ მნიშვნელობა ადგილობრივებისთვის? ვასკა: ქალაქის ბრენდინგზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ დაინტერესებული მხარეები - ადგილობრივები, დასაქმებულები, მეწარმეები, სასწავლებლად ან დასასვენებლად ჩასულები. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სამიზნე ჯგუფის ინტერესები იყოს გათვალისწინებული. პირველ რიგში, ქალაქის ბრენდინგი ადგილობრივებისთვის უნდა იყოს მისაღები და შემდეგ ტურისტებისთვის. ბრენდის სტრატეგიის შექმნა არამხოლოდ მათზე დაკვირვებით, მათი უშუალო ჩართულობით ხდება. ჩვენ შემთხვევაშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა პროცესში. ვხვდებოდით კერძო თუ საჯარო სფეროში დასაქმებულებს. გვინდოდა, ყველა ის შესაძლებლობა, რასაც ქუთაისი და მისი შემოგარენი გვთავაზობს, პირადად განგვეცადა. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ მოკვლევაზე. პროექტი 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ნახევრად ქუთაისში ვცხოვრობდით. პანდემიის გამო კი ბრენდინდგის საჯაროდ გამოტანის ღონისძიებები გადაიდო. ამას 2 მაისობას ვაპირებდით. ქუთაისი, როგორც ბრენდი: ვასკა: ჩვენი ნამუშევარი ქუთაისის, როგორც ბრენდის მართვის სახელმძღვანელო იქნება. ის გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი - როგორი ტურისტული სერვისები უნდა დაემატოს, რა ტიპის გასართობი ღონისძიებები დაიგეგმოს, რა მიმართულებით უნდა განვითარედეს ინფრასტრუქტურა, როგორი კამპანიები უნდა აეწყოს და ა.შ. გიორგი: მსოფლიოში საქართველოს ცნობადობა იზრდება და პოზიციონირდება, როგორც პატარა ეგზოტიკური ქვეყანა. საქართველოთი დაინტერესებული ტურისტები კი არიან არჩევანის წინაშე თუ რომელ ადგილს ესტუმრონ და ახლა დანიშნულების ადგილები უწევენ კონკურენციას ერთმანეთს. ბრენდად ჩამოყალიბებულ ყველა ადგილს აქვს თავისი ნიშა : თბილისი დედაქალაქია, ბათუმი საზღვაო ქალაქია. კახეთი ვენახის სამშობლოა, სვანეთს თვალისმომჭრელი ბუნება აქვს. ვთვლით, რომ ქუთაისს აქვს ამბიცია იყოს მოწინავე ამ კონკურენციაში, მაგრამ რა პოზიციონირებით უნდა იასპარეზოს, ეს გადამწყვეტია. ქუთაისის შესახებ რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის , რომ ქუთაისი არის ავთენტური ქართული ქალაქი. თუ შენ საქართველო გაინტერესებს, საქართველოს შესახებ ყველაზე მეტს ქუთაისში გაიგებ. ყველაზე ნაკლებად ქუთაისს დაეტყო ინტერნაციონალური გავლენები და დღემდე ესაა ნამდვილი ქართული ქალაქი, რომელიც საქართველოს უძველეს ისტორიას ინახავს და კულტურით და ინტელექტუალური რესურსით ასაზრდოვებს მას. სწორედ ამაზე დგას ბრენდის პოზიციონირება. შიდა და საერთაშორისო ტურიზიმი სხვადასხვა სირთულეების წინაშეა. ბრენდინგის მთავარი გამოწვევაც ესაა - როგორ უნდა გააკეთო პოზიციონირება ისე, რომ ორივესთვის საინტერესო იყოს. ვცდილობთ, ქართველებს შიდა საქალაქო ტურიზმის სურვილი გავუჩინოთ. ქართველებისთვის შიდა ტურიზმი არის მთაში ან ზღვაზე წასვლა, დასასვენებლად ქალაქებში ნაკლებად . დავდივართ. შიდა ტურიზმის მხრივ სწორედ ესაა ჩვენი მიზანი. ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ ქუთაისი კარგი ქალაქია და მეორე მხრივ, ისმევა შეკითხვა - კი, კარგი ქალაქია, მაგრამ რითია გამორჩეული? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის საუკეთესო გზაა სლოგანის შუაზე გაყოფა და შუაში სხვადახვა აზრის გამომხატველი სიტყვების ჩასმაა. მაგლიათად: ქუთაისი ალტერნატიული მუსიკის ქალაქია, ქუთაისი გალაკტიონის ქალაქია, მედეას ქალაქია, 3500 წლის ქალაქია და ა. შ ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას ამ ქალაქზე. სლოგანი: ვასკა: ქუთაისი იმდენად მრავალფეროვანი ქალაქია, რომ ერთ წინადადებასა და ერთ სლოგანში ვერ მოაქცევ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, სლოგანშიც დაგვეტოვებინა მრავალფეროვნების გამოხატვის საშუალება და ავირჩიეთ ასეთი დინამიკური ფრაზა ცნობილი ლექსიდან, რომლის შეცვლაც კონტექსტის მიხედვით შეიძლება. სარეკლამო კომპანია „მეტროს“ მიერ გაკეთებული კლიპიც ჩვენი ბრენდინგის პირველი გამოხმაურებაა. კლიპი ჩვენი სლოგანით სრულდება და ერთგავრი შეჯამებაა. მას ძალიან კარგი შეფასება მოჰყვა, როგორც ქუთაისელებში, ისე ამ სფეროს წარმომადგენლებში. ეს კი ჩვენი შრომის დაფასებაცაა, რადგან კლიპი ჩვენი სტრატეგიისა და სლოგანის გამომხატველია. შესაბამისად თუ ის მოგწონს, ე.ი. მოგწონს ჩვენი ბრენდინგი. #ქუთაისიქალაქია #dmoimereti #ქუთაისელები #kutaisidaily
0