300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო
Tbilisi Daily
ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მეოთხე ეტაპი დღეიდან იწყება. გეგმის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეები 300-ლარიანი კომპენსაციის მიღებას შეძლებენ.
საუბარია იმ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე, რომელთაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო დროებით შეუჩერდათ საქმიანობა. მოქალაქეებმა 3-დან 24 დეკემბრის ჩათვლით უნდა გააკეთონ ელექტრონული განაცხადი, რის შემდეგაც ერთჯერადად 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს და კომპანიას პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას და მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში, მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო, დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი.