Guardian: რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ავსტრიელი პოლკოვნიკი გაასამართლეს
Headline
ავსტრიის სასამართლომ ერთ-ერთ გადამდგარ პოლკოვნიკს, რომელსაც სულ მცირე 25 წლის მანძილზე, რუსეთის დაზვერვის სასარგებლოდ შპიონაჟის, ასევე სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოების გაცემის მუხლით ედებოდა ბრალი, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Guardian ავრცელებს.
71 წლის პიროვნების სასამართლო დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მისი ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
არსებული ინფორმაციით, აწ უკვე გადამდგარი პოლკოვნიკი, სპეციალური ჯაშუშური ტექნოლოგიის გამოყენებით, ავსტრიული შეაირაღებული სისტემებისა და საარტილერიო პოზიციების ადგილმდებარეობის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას 1992-დან 2018 წლამდე გასცემდა.
თავად პიროვნება ჯაშუშობას უარყოფს და აცხადებს, რომ იგი საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას გასცემდა და საკუთარი თავი უცხოელი კორესპონდენტის როლში გამოჰყავდა. აქვე მან აღიარა, რომ ამ პერიოდის მანძილზე 220 000 ევრო მიიღო.
ავსტრიელი სამართალდამცავების თქმით, პოლკოვნიკის გადაბირება რუსული სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ოფიცერმა განახორციელა, რომელზეც ოფიციალურმა ვენამ დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა. რუსეთის ფედერაცია შპიონაჟში მონაწილეობას უარყოფს.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
წყარო: Austrian court convicts former colonel of spying for Russia, (09.06.2020), www.theguardian.com
Austria
espionage
Russia
information
restricted
headline