RSF-ის დასკვნით, უკრაინელი ჟურნალისტი მაქს ლევინი სიკვდილით დასაჯეს რუსმა ჯარისკაცებმა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) გამოძიების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ცნობილი უკრაინელი ფოტოგრაფი და კინოდოკუმენტალისტი მაქს ლევინი მის თანმხლებ ჯარისკაცთან ერთად დასაჯეს სიკვდილით მარტში კიევის მახლობლად, როცა ისინი დაკარგულ ფოტოაღჭურვილობას ეძებდნენ.
RSF, რომელსაც პარიზში უდევს ბინა, თავის ანგარიშში იტყობინება, რომ 24 მაისიდან 3 ივნისამდე ჩატარებული გამოძიება და მოპოვებული მტკიცებულებები იმაზე მიუთითებს, რომ ლევინი და ალექსეი ჩერნიშოვი რუსეთის სამხედროებმა დასაჯეს სიკვდილით 13 მარტს კიევის მახლობლად მდებარე ტყეში, სოფელ მოშჩუნთან.
„შესაძლოა დაკითხვისა და წამების შემდეგაც კი“, - ნათქვამია ანგარიშში.
გამოძიება ჩაატარეს RSF-ის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა არნო ფროგერმა და ფრანგმა სამხედრო ფოტოგრაფმა პატრიკ შოველმა, რომელიც ლევინთან თანამშრომლობდა უკრაინაში. ფროგერმა და შოველმა დაასკვნეს, რომ რუსეთის ჯარისკაცებმა დაატყვევეს ლევინი და ჩერნიშოვი, როცა ისინი ლევინის დრონს ეძებდნენ. ლევინი დრონს იყენებდა თავისი სამუშაოსთვის უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთის ჯარები შეიჭრნენ ქვეყანაში.
RSF-მ განაცხადა, რომ შეგროვილი მტკიცებულებები, მათ შორის ტყვიები, დოკუმენტები, პირადობის დამადასტურებელი საბუთები, საგნები დნმ-ის კვალით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე რუსეთის ჯარისკაცების ყოფნას ცხადყოფს, საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ ლევინი და მისი მცველი სიკვდილით დასაჯეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31910224.html
Source: radiotavisupleba.ge