ბრძოლა აფხაზეთში - ომამდე დაწყებული ომი და მებრძოლის მოგონებები

0
აფხაზეთის ომი საქართველოს ყველა მოქალაქესათვის ძალიან მტკივნეული თემაა. SOKHUMI DAILY- ამ რუბრიკით შეეცდება გაგაცნოთ თუ რას ფიქრობდნენ, რას გრძნობდნენ და საერთოდ რა გამოიარეს აფხაზეთის ომის ვეტერანებმა. დღეს ჩვენთან ისაუბრა აფხაზეთის ომის ვეტერანმა, ნიაზ ბერიძემ, რომელმაც არაერთი ტრავმა მიიღო ბრძოლის დროს და საკუთარი მეომრების სიკვდილი ნახა ომის ველზე. იგი სოხუმის ცალკეულ 2061 ბატალიონში იბრძოდა. "ომი ომამდე" ასე აფასებენ აფხაზეთის ომამდე არსებულ პერიოდს, როდესაც საფუძველი ეყრებოდა სეპარატისტულ განწყობებსა და განცალკევებას. ამის შესახებ ნიაზ ბერიძე კონკრეტულ ვითარებას იხსენებს. " აფხაზები იძახდნენ, რომ ქართველები არ ვართო და ეგრე იძაბებოდა ნელ-ნელა სიტუაცია. აფხაზებს ჰქონდათ რუსეთის მხარდაჭერა, მათ რუსეთის დახმარებით შთააგონეს ერთმანეთს, რომ დამოუკიდებლები არიან და გაუჩნდათ ამბიცია ჰქონოდათ ცალკეული მიწა, დროშა, გერბი და ა.შ, რაც ფარსია და მოკლებულია ყველანაირ საფუძველს, აცდენილია სიმართლეს. ეს ყველაფერი იყო პროვოკაციული ქმედება. ამ ადამიანებს დღემდე სჯერათ რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული სიმართლეს ემსახურებოდა. ეს რუსეთის მხრიდან იმისთვის გაკეთდა, რომ საქართველო გაეყო, ხოლო ამ პროვოკაციას ის ადამიანები აყვნენ, ვისაც საკუთარი არაფერი შეუქმნია და ჩვენი ნაშრომის დაპატრონება სურდა, სამწუხაროდ ასეც მოხდა" უკეთ რომ გაგაცნოთ ნიაზ ბერიძე მისი ცხოვრების ერთ ნაწილზე გესაუბრებით: "სანამ ომი დაიწყებოდა სკოლაში დავდიოდი და ფეხბურთს ვთამაშობდი სოხუმის სპორტსკოლაში. სკოლა 1991 წელს დავამთავრე. მაშინვე სურდათ ჩემი ჯარში წაყვანა მაგრამ ფეხბურთს რომ ვთამაშობდი არ წამყვანეს. შემოთავაზება მქონდა თვეში ორჯერ ან სამჯერ მივსულიყავი და სამხედრო ბილეთი ამეღო , თანაც ფეხბურთი მეთამაშა. მეც დავთანხმდი და თავისუფალ დროს სულ ჯარში ვატარებდი. ორი თვეც არ გასულა რომ ომი დაიწყო. რა თქმა უნდა არც დავფიქრებულვარ ისე ავიღე ავტომატი და წავედი ომში." ჩვენი ომის ვეტერნები იმიტომ არიან გმირები, რომ მცირე დროში მოახერხეს ძალების მობილიზაცია. მათ არ უფიქრიათ იმაზე, რომ შეეძლოთ დაეკარგათ სახლ-კარი, მატერიალური ღირებულება და სიცოცხლე. ამ შემთხვევაში უმთავრესი სამშობლოს დაცვა იყო, რაც ბევრს სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდა. ახლა კი მოგახსენებთ ჩვენი მეომრის ისტორიას. "1993 წელს, დაახლოებით მარტის თვეში, მივიღე მძიმე ტვინის შერყევა და თვითმფრინავით გადმომიყვანეს თბილისში, ერთი თვე ვმკურნალობდი. ბოლომდე არ მოვრჩენილვარ ისე წამოვედი სოხუმში, ორი კვირა ვიწექი, ხოლო შემდეგ ისევ დავუბრუნდი 2061 ბატალიონს. სექტემბერში კი რუსეთის დახმარებით ომი წავაგეთ. ახლაც ამის გახსენებაზე ვნერვიულობ და ცუდად ვხდები. ძალიან დიდი ტრავმაა ჩემთვის. ჯარში ყველას გვეგონა, რომ ომს არ წავაგებდით, რომ ომს მოვიგებდით, მაგრამ სამწუხაროდ წავაგეთ რუსეთს ჩვენ ომს ვერ მოვუგებდით, აფხაზეთს მხოლოდ რუსეთი კი არა ჩეჩნები და ჩრდილოელი ტომები ეხმარებოდნენ. ჩვენ მხარეს კი მხოლოდ მებრძლი სული და სულისკვეთება იყო. პოზიციების დაცვის დროს ყველანი ვუყურებდით, თუ როგორ გვიკლავდნენ ახლობლებს. ორი დრანდელი ბიჭი, ძმები მოკლეს. იმ დღეს ოჯახში ორი მიცვალებული შევიყვანეთ. მერაბი და რევაზი მაჩაიძეები. შემდეგ მურთაზ გაბისაშვილი მოკლეს, დაიჭრა დათო ძირეკიძე, კოდორში მოკლეს აბესალომ ყურაშვილი, ჩვენს ბატალიონში ძალიან ბევრი ადამიანი დაიხოცა." ყველაზე მწარე რეალობის წინაშე მაშინ აღმოჩნდნენ მეომრები, როდესაც გააცნობიერეს, რომ ბრძოლა დასრულდა, აფხაზეთი წაგვართვეს, ხოლო ახლა მნიშვნელოვანი იყო იმ ახლობლების სამშვიდობოს გამოყვანა, რომელიც ცოცხლები შერჩათ. "1993 წელს, როდესაც სოხუმი დაეცა, მაშინ წავაგეთ ომი. აქვე აღვნიშნავ, რომ პერემირია იყო უდიდესი ტყუილი, ჩვენ ტანკები გაგვაყვანინეს, მხოლოდ იარაღები შეგვრჩა აქა-იქ, რამოდენიმე დღეში, როდესაც თავს დაგვესხნენ ჩვენ აღარ გვყავდა ტანკები, მხოლოდ ზოგიერთს ჰქონდა იარაღი შერჩენილი, მათ კი სრული მობილიზაცია ჰქონდათ. როდესაც გავაცნობიერეთ, რომ ომს ვაგებდით, ყველა იმას ფიქრობდა, რომ საკუთარი და-ძმისთვის, დედ-მამისთვის თუ ახლობლისთვის მიეხედა და სვანეთიდან წამოსულიყო. კოდორიდან გზა დაკეტილი იყო, სოხუმი აღებული იყო, ამიტომ უკან დასაბრუნებლად ჩვენ მხოლოდ სვანეთი დაგვრჩა. ბევრი ადამიანი დაიღუპა, ბევრმა დაღვარა სისხლი სამშობლოს დასაცავად, მჯერა, რომ ეს სისხლი ტყუილად არ დაღვრილა და ჩვენ აფხაზეთს აუცილებლად დავიბრუნებთ."
#სოხუმი
#აფხაზეთი
#ბრძოლა
#ომი
#პოლიტიკა
#აფხაზეთისაქართველოა
#sokhumidaily
0