აფრიკის ქვეშ არსებული ანომალია, რომელიც დედამიწის მაგნიტურ ველს ასუსტებს

0
დედამიწის მაგნიტური ველი არამხოლოდ სამხრეთისა და ჩრდილოეთის პოლუსებს გვაძლევს, არამედ ის კოსმოსური რადიაციისა და მზიური ქარისგანაც გვიცავს, თუმცა, როგორც წლის დასაწყისში გამოქვეყნებული კვლევა მიუთითებს, დედამიწის მაგნიტური ველი სწრაფად სუსტდება, რამაც შეიძლება საბოლოოდ პოლუსების გადანაცვლება გამოიწვიოს. პოლუსების გადანაცვლება დედამიწაზე ადრეც მომხდარა. უკანასკნელად ეს 780 000 წლის წინ მოხდა, პოლუსები თითქმის შეიცვალა 40 000 წლის წინაც. პოლუსების გადანაცვლების უცბად არ ხდება, ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში გრძელდება. ამჟამად არავინ იცის, როდის მოხდება პოლუსების შემდეგი გადანაცვლება, ამის განსაზღვრა არასაკმარისი ინფორმაციის გამო ვერ ხერხდება. რეგიონი, რომელიც მეცნიერებს ყველაზე მეტად აფიქრებს, სამხრეთ ატლანტიკის ანომალიის სახელით არის ცნობილი, ეს არის უზარმაზარი სივრცე, რომელიც ჩილედან ზიმბაბვემდეა გადაჭიმული. ამ რეგიონში მაგნიტური ველი იმდენად სუსტია, რომ ის დედამიწის ორბიტაზე არსებულ თანამგზავრებს უქმნის საფრთხეს, რადგან ამ ზონაში არსებულმა მომატებულმა რადიაციამ შესაძლოა მათი ელექტრონული სისტემები მწყობრიდან გამოიყვანოს. "ჩვენ უკვე საკმაო ხანია ვიცით, რომ დედამიწის მაგნიტური ველი ამ რეგიონში ცვლილებას განიცდის, თუმცა ჩვენ არ ვიცით, სულ ასე იყო ეს, თუ არა", - აცხადებს როჩესტერის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ვინსენტ ჰეარი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მეცნიერებს ამ რეგიონის შესწავლა და არსებული ინფორმაციის ინტერპრეტირება უჭირთ, არქეომაგნიტური მონაცემების არარსებობაა. არქეომაგნეტიზმის საშუალებით არქეოლოგიური მასალის გამოყენების შედეგად დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებათა აღდგენა ხდება. დაახლოებით 1 000 წლის წინ ამ რეგიონში ბანტუს ხალხი ცხოვრობდა. ისინი გვალვების დროს ნალექის მოსახმობად გარკვეულ რიტუალებს ატარებდნენ. რიტუალის ფარგლებში ისინი თიხას წვავდნენ, აღმოჩენილმა გამომწვარმა არტეფაქტებმა კი მეცნიერებს იმდროინდელი მაგნიტური ველის შესწავლის უნიკალური შესაძლებლობა მისცა. "როდესაც თიხას მაღალ ტემპერატურაზე წვავთ, ამ დროს მასში არსებული მაგნიტური მინერალების სტაბილიზაცია ხდება. როდესაც ასეთი გაცხელებული თიხა ცივდება, მასში ილექება გარკვეული ინფორმაციაც, რომლის ამოკითხვითაც შეგვიძლია გავარკვიოთ, თუ რა მდგომარეობაში იყო მაგნიტური ველი თიხის გაციებისას", - აცხადებს კვლევის თანამონაწილე გეოფიზიკოსი ჯონ ტარდუნო. "ჩვენ ვცდილობდით დაგვედგინა, ადრეც ხდებოდა თუ არა მაგნიტური ველის მსგავსი შესუსტება. როგორც გაირკვა, მსგავსი ანომალიები წარსულშიც ხდებოდა, ეს ინფორმაცია კი ამ ფენომენის უკეთ აღქმაში დაგვეხმარება", - აცხადებს ტარდუნო. გამომწვარმა თიხის ნივთებმა აჩვენა, რომ გრავიტაციული ველის მსგავსი ცვლილებები ქრისტესშობიდან 400-450, 700-760 და 1225-1550 წლებშიც ხდებოდა. "როგორც ჩანს, აფრიკის ქვეშ მანტიასა და ბირთვს შორის არსებულ საზღვართან რაღაც უცნაური ხდება, რაც გლობალურ მაგნიტურ ველზე ახდენს გავლენას", - აცხადებს ტარდუნო. ამ რეგიონში დედამიწის მაგნიტური ველის სიმძლავრე უკვე 160 წელიწადია იკლებს, მეცნიერების ვარაუდით, ამას აფრიკის ქვეშ არსებული მკვრივი ქვის მასა იწვევს, რომელსაც ზედაპირიდან 2 900 კილომეტრის სიღრმეზე ვხვდებით. "ქვის ეს მკვრივი მასა ათასობით კილომეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული, თუმცა მას მკაფიო საზღვრები გააჩნია", - აცხადებენ მეცნიერები. ეს მკვრივი რეგიონი დედამიწის ბირთვში არსებულ გამდნარ რკინასა და შედარებით გრილ ქერქს შორის არის მოქცეული, რომელიც გამდნარ რკინაზე ახდენს გავლენას, რომელიც თავისმხრივ დედამიწის მაგნიტურ ველს წარმოშობს. ამჟამად მიჩნეულია, რომ პოლუსების გადანაცვლება ბირთვის ნებისმიერ რეგიონში შეიძლება დაიწყოს, თუმცა ამ კვლევით ირკვევა, რომ მაგნიტური ველის სიმძლავრეზე გავლენას ქერქისა და ბირთვის საზღვარზე მიმდინარე პროცესებიც ახდენს, თუმცა ზუსტად რას შეიძლება ნიშნავდეს ეს, ჯერჯერობით უცნობია. "ჩვენ ვნახეთ, რომ მსგავსი უცნაური ფენომენი ისტორიის განმავლობაში რამდენჯერმე მომხდარა. ჯერჯერობით დაზუსტებით არ შეგვიძლია ვთქვათ, მიგვიყვანს თუ არა ეს პოლუსების გადანაცვლებამდე ან რაიმე სხვა გლობალურ ცვლილებებამდე", - აცხადებს ჰეარი.
0