როგორი პაციენტები გადაჰყავთ ე.წ. კოვიდ სასტუმროებში
Tbilisi Daily
პარასკევს, მას შემდეგ, რაც კოვიდინფიცირების რაოდენობა გაიზარდა, დამატებით მობილიზდა 700-მდე საწოლი, ისე რომ შაბათ-კვირის განმავლობაში მობილიზებული საწოლფონდის რაოდენობა გაზარდა 1500-მდე. დღეს, დღის ბოლომდე კი კოვიდპაციენტების მისაღებად მომზადებულია 2400-მდე საწოლი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ გაბუნიამ კოვიდ სასტუმროებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ეს არის შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს მთელ მსოფლიოში კარგად არის აპრობირებული ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა. საქართველოში, რადგან ამის შესაძლებლობა გვქონდა, ვარჩიეთ შემთხვევების ჰოსპიტალური მართვა. ამი მიმართულებით ბევრი კლინიკური გამოცდილება დაგროვდა და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბრით ჰოსპიტლის გარეთ შემთხვევების მართვაზე. დღევანდელი მოქმედი პროტოკოლით, მსუბუქი პაციენტი, არის 19-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, არა აქვს რომელიმე თანმხლები ქრონიკური დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის გართულება, გადაიყვანენ ე.წ. კოვიდ სასტუმროში, სადაც მისი მკურნალობა გაგრძელდება, ვინაიდან ასეთ პაციენტებს სამედიცინო ჩარევა არ სჭირდებათ. მას სჭიდება იზოლაცია, სიმშვიდე და სამედიცინო მეთვალყურეობა. ეს პირობები შექმნილია კოვიდ სასტუმროებში, რაც არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ შუალედური რგოლი გავიაროთ, მივიღოთ გამოცდილება და შემდეგ უფრო თამამად ვისაუბროთ ბინაზე მართვის პრაქტიკაზე, რისთვისაც ოჯახის ექიმები უკვე მზად არიან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდ სასტუმროებში 155-მდე პაციენტია გადაყვანილი.