აზერბაიჯანი სოფლების გათავისუფლებას იუწყება, მთიან ყარაბაღში პოზიციების დაკარგვას ადასტურებენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არმიის ქვედანაყოფები განაგრძობენ შეტევას სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო „ტრენდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფიზული-ჯებრაილის მიმართულებით გათავისუფლებულია ათამდე სოფელი და კონტროლი დამყარდა მნიშვნელოვან სიმაღლეებზე.
აზერბაიჯანული მხარის ცნობითვე, ტალიშთან მოკლული და დაჭრილია სომხეთის არმიის 550-ზე მეტი სამხედრო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სხვადასხვა მიმართულებით განადგურებულია მოწინააღმდეგის 22 ტანკი, 15 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 18 უპილოტო საფრენი აპარატი, 8 საარტილერიო დანადგარი და საბრძოლო მასალების 3 საწყობი. აზერბაიჯანული მხარის ცნობითვე, მოკლულია სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის მეთაური ლერნიკ ბაბაიანი.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კვირას, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოკლულია 200-მდე აზერბაიჯანელი სამხედრო და განადგურებულია მოწინააღმდეგის 30 ტანკი და 20 უპილოტო აპარატი.
მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, არაიკ არუთუნიანმა განაცხადა მათ წინააღმდეგ იბრძვის არა აზერბაიჯანი, არამედ თურქეთი.
არუთუნიანმა აღიარა, რომ პოზიციები დაკარგეს, ძირითადად, ტალიშის მიმართულებით. დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, ჰყავთ ათეულობით დაღუპული.
არაიკ არუთუნიანის მტკიცებით, საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია არა მხოლოდ თურქეთის უპილოტო აპარატები და თვითმფრინავები, არამედ სამხედრო შენაერთებიც და დაქირავებული შეიარაღებული პირები და მოხალისეები სხვა ქვეყნებიდან, მაშინ როცა მთიანი ყარაბაღი მხოლოდ თავის ძალებს იყენებს და მოხალისეებიც მხოლოდ სომხეთიდან იქნებიან.
დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმციით, თავდაცვის არმიამ თურქული თვითმფრინავი F-16 ჩამოაგდო.
„ჩვენ დავკარგეთ პოზიციები და კიდევ დავკარგავთ. მაგრამ პოზიციებსაც აუცილებლად დავიკავებთ. მტრის გეგმა ჩაიშლება“, - განაცხადა თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერმა.
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30861743.html
#ახალი_ამბები
#twitter