42 000 ფერმერი საირიგაციო საფასურისგან გათავისუფლდება
Tbilisi Daily
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ფერმერები დიზელის საწვავს ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით ერთი ლარით იაფად შეიძენენ. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს, რომ ფერმერებისთვის აგროდეზელის ფასი ნაკლები იყოს კრიზისის შემდეგადაც, მომდევნო წლებში.
„ყოველი ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი. საერთოდ, სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის, საწვავის ფასი არის კრიტიკულად, სისტემურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად არა მხოლოდ წელს კრიზისში, არამედ მომავალი წლებისთვისაც. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე“,- განაცხადა გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ყველა ფერმერი საირიგაციო საფასურისგან გათავისუფლდება და 20 წლის განმავლობაში სარწყავი წყალი უფასოდ ექნებათ. გარდა ამისა, გახარიას თქმით, იმ ფერმერებს, ვისაც ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა სურთ, სახელმწიფო ამ სამუშაოების ღირებულების 50%-იან გრანტს გამოუყოფს.
მისივე ინფორმაციით, ამისთვის ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 20 მაისიდან უნდა მიმართონ.
„დღეს საქართველოში ყველა ფერმერი, რომელთა რაოდენობა არის 42 000 სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან, სარწყავი წყალი 20 წლის განმავლობაში ექნებათ უფასოდ. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ თითოეული ფერმერს, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა, სახელმწიფო ფულის სახით, პირდაპირი ფინანსური სახით დაეხმარება, ამ სამუშაოების ღირებულების 50%-ით, ეს იქნება გრანტი. ეს ყველაფერი მოქმედებაში შევა და ფერმერებს შეეძლებათ, მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს 20 მაისიდან და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საგაზაფხულო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილი იმ კონკრეტული დახმარებისა, რომელიც სახელმწიფომ ფერმერებისთვის გამოყო “, - განაცხადა გახარიამ.