"მელია ამბობს, რომ მის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია
Tbilisi Daily
"ნიკა მელია ამბობს, რომ მის მიმართ ძალის გამოყენებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და ფიქრობს, რომ ციხეში არსებული პირობები დამაკმაყოფილებელია" - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მონახულების შემდეგ განაცხადა.
„ის თავს მხნედ გრძნობს და სურდა, საჯაროდ მეთქვა, რომ საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობაზეა. ერთადერთი მოთხოვნა აქვს ის, რომ საკანში არაა ტელევიზორი. ჩვენ ვესაუბრეთ ციხის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, რომ ეს ლოჯისტიკური საკითხი მოგვარდება და მიეცემა საშუალება, რომ გაეცნოს მიმდინარე მოვლენებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: ნიკა მელიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის მადლიერია ყველასი, ვინც გვერდით ედგა“ - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
მისივე განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს გაუწევს ნიკა მელიას პატიმრობის პირობებს და მისი საქმის მიმდინარეობას შეისწავლის.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაჭერის შემდეგ, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მას საკანში მოინახულებდა. „რა თქმა უნდა, ამ ჩემი ვიზიტით, გამოვხატავ მის დაკავებასთან დაკავშირებით ჩემს დამოკიდებულებასაც. მიმაჩნია. რომ მისი წინასწარი პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახე, არ იყო დასაბუთებული. ვფიქრობ, რომ მის დაკავებაში, პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს სამართლებრივ მდგენელს. აქედან გამომდინარე, ამ ფორმით გამოვხატავ ჩემს სოლიდარობას მის მიმართ“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები