აფხაზეთის ომში დაღუპულის დედას სახელმწიფომ ფულადი დახმარება შეუწყვიტა
Sokhumi Daily
აფხაზეთის ომის გმირის, გიორგი ციგროშვილის ოჯახს სახელმწიფომ ფულადი დახმარება შეუწყვიტა. გიორგი ციგროშვილი ომის დროს - 1993 წელს, საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა, როცა თვითმფრინავით თბილისში დაჭრილები გადაჰყავდათ.
გიორგი ომში ორჯერ წავიდა: თავდაპირველად 18 წლის ასაკში და მეორედ, როცა დაიჭრა და გამოჯანმრთელდა. როგორც დედა ამბობს, ინფორმაცია ფულადი დახმარების შეწყვეტის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილსაც მიაწოდეს, როცა პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა, თუმცა, ოჯახისთვის თანადგომა მან მხოლოდ მისალოცი ბარათით გამოხატა.
"ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღარც დედა ვარ და აღარც გამზრდელი. ეს იყო ჩვენი შემოსავალი, ეს რომ მქონოდა, მე მექნებოდა საშუალება, მეყიდა წამლები.. მესამე წელია, შვილის საფლავზე ვერ მივდივარ" - თქვა "მთავარის" ინტერვიუში გიორგის ციგროშვილის გამზრდელმა დედამ.
მისი თქმით, ფულადი დახმარების შეწყვეტა იმით აუხსნეს, რომ კანონი შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ თავად გამზრდელი დედა ვერ მიიღებდა თანხას. მას შვილად აყვანის დოკუმენტს სთხოვენ, რისი წარდგენის შესაძლებლობაც უკვე აღარ არსებობს.
სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ გიორგი ციგროშვილს შშმ პირი ძმა ჰყავს, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ოჯახის ადვოკატი, დავით ახალაური კი აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლის ოჯახი სახელმწიფომ დაივიწყა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: "მთავარი არხი"
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა