სომხეთის მთავრობამ საომარი მდგომარეობის რეჟიმი გაამკაცრა
Tbilisi Daily
სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის გამო დაწესებული საომარი მდგომარეობის რეჟიმი გაამკაცრა.
სომხეთის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, იკრძალება ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს სომხეთისა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვისუნარიანობას.
„სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირებს ეკრძალებათ ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმისა და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობის ეფექტურობას აკრიტიკებს ან ეჭვის ქვეშ აყენებს, მათ შორის გამოსვლები და პუბლიკაციები“, - ნათქვამია სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებაში.
27 სექტემბერს სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.