ჟურნალისტი, რომელიც 8 წლის წინ მარნეულის სოფელში მასწავლებლად წავიდა.

0
სალომე ქირია, პროფესიით ჟურნალისტი, 8 წლის წინ მარნეულის ერთერთი სოფელში , საბირქენდში , მასწავლებლებად წავიდა. ის სოფელი საბირქენდის სკოლაში პროექტ „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში მოხვდა. დღეს "Marneuli Daily" - სალომე ქირიასთან ესაუბრა : "მე ვარ სალომე ქირია, ზუგდიდის რაიონის, სოფელ ცაიშიდან, დავამთავრე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ჟუნალისტიკის ფაკულტეტი. ძალიან მიყვარდა წერა და განცდების გადმოცემა წერილობით, ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე და ვბეჭდავდი სტატიებს, თუმცა საბოლოოდ მაინც მასწავლებლობა ავირჩიე და ამის მიზეზი ბევრი რამ იყო. პირველი ის რომ მასწავლებლის ოჯახში გავიზარდე და ეს გარემო ჩემთვის უცხო არ ყოფილა, მახსოვს პატარა როცა ვიყავი, თოჯინებს ვეთამაშებოდი ხოლმე, სადაც მე მასწავლებელი ვიყავი და თოჯინები ვითომ მოსწავლეები იყვნენ, ვუყვებოდი ზღაპრებს, ვმღეროდი, შემდეგ პატარა მეზობლის ბავშვებს შემოვიკრებდი და მათთან ვიმეორებდი იგივეს.გულწრფელად გეტყვით, მე ყოველთვის მინდოდა სხვანაირი მასწავლებლები მყოლოდა, რომელთანაც გულღიად ვისაუბრებდი ჩემს პრობლემებზე, გავუზიარებდი ჩემს მიზნებს და თუ რამეს დავაშავებდი, დასჯის ნაცვლად რჩევა მიმეღო და მეგობრული გარემო ყოფილიყო საკლასო ოთახში, ახლა კი ვცდილობ ისეთი მასწავლებელი ვიყო ჩემი მოსწავლეებისთვის, როგორზეც მე ვოცნებობდი ბავშვობაში"- აცხადებს სალომე ქირია. სალომეს თქმით , თავიდან შემთხვევითობის პრინციპით მოხვდა მარნეულში. " მე არ ამირჩევია ეს სოფელი, აქ მოხვედრის შემდეგ გავიგე რომ მარნეულში არსებობდა სოფელი საბირქენდი, სადაც მე უნდა გადავსახლებულიყავი და მემუშავა სკოლაში. მიყვარს მარნეული, რადგან მრავალფეროვანია ჩემთვის, ეს უფრო საინტერესოს ხდის ცხოვრებას და მოტივაციაც უფრო მაღლდება" სალომე გვიყვება სკოლაში გატარებულ პირველ დღეზე, რომელიც მისთვის ემოციებით იყო სავსე. " თავდაპირველად იყო ენობრივი ბარიერი, გაუცხოება, ერთმანეთისთვის უცხო ვიყავით, მეგონა სხვა სამყაროში გადავინაცვლე და ეს მხოლოდ სიზმარი იყო. სკოლაში ჩემს პირველ დღეს რომ ვიხსენებ თვალწინ მიდგას ყველაფერი, თითქოს სხვა პლანეტიდან ვიყავი ჩამოსული, ზოგი შეშინებული თვალით მიყურებდა, ზოგი მიღიმოდა, ზოგი კი უბრალოდ თვალს მარიდებდა. საკუთარ თავს შევებრძოლე, რომ მე ეს უნდა გადამელახა, რადგან ჩემი საჭიროება ვიგრძენი იმ თემში, ვიყავი გულწრფელი და გულწრფელობა, პირველ რიგში საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება, დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ შემეცვალა ეს გარემო. ფიქრი ოცნებაში გადაიზარდა, ოცნება მიზანში, მიზანმა კი მოქმედებისკენ მიმიყვანა, რამაც საბოლოოდ წარმატება გამოიწვია. ადამიანები უნდა ვიყოთ ყოველთვის ნამდვილები და ისეთს შეგვიყვარებენ როგორიც ვართ, მე თითოეული მათგანი, თავიანთი გილწრფელობითა და ნამდვილობით შემიყვარდა.- ამბობს მასწავლებელი. სალომესა და მის მოსწავლეებს შორის ძალიან მეგობრული ურთიერთობებია დამყარებული. "ჩემი ურთიერთობა მოსწავლეებთან ძალიან ფაქიზია და მრავალი ნიუანსებისგან შედგება, ვცდილობ ვიყო მეგობრული, ვაკვირდები ჩუმად თითოეული მათგანის ქცევას დასვენებებზეც კი, მეშინია რაიმე დეტალი არ გამომრჩეს, ვცდილობ შევქმნა თანამშრომლობითი გარემო და ვიზრუნო მათზე, მოსწავლეებისგანაც იგივეს ვიღებ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, წარმოიდგინეთ გუნდი, სადაც არაფერი აქვთ დასამალი გუნდის წევრებს და კეთილგანწყობილები არიან ერთმანეთის მიმართ… ასეთი გუნდი ყოველთვის მყარია და აღწევს მიზნებს, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ყველაზე დიდი წარმატება კი ამ ცხოვრებაში ისაა, რომ დავიმსახუროთ ერთმანეთის სიყვარული და პატივი ვცეთ ერთმანეთს, ჩვენ ეს შევძელით." პედაგოგს უდიდესი წვლილო მიუძღვის თემის განვითარებაში. "პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ შევცვალე ურთიერთობა, დამოკიდებულება, ქვეყნის სიყვარულის გააზრება და ენის დაფასება, იცით, როცა არ იციან გზები, თუ როგორ შეიძლება მოაგვარონ პრობლემა, გაიცნონ სხვა კულტურა და პატივი სცენ მას, ამას ასე ზეპირად ვერასოდეს დავანახებთ და ვასწავლით. გზადაგზა ხდება ეს ყველაფერი, მოსწავლეები პროექტის ფარგლებში მყავდა სხვადასხვა რეგიონში საცხოვრებლად, გავაცანი ერთმანეთის კულტურა, დიალოგი შედგა მათ შორის, საკუთარი შრომით ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც უჭირს, არ უნდა დავცინოთ სხვას, პირიქით, სიყვარულით ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, ადვილი არაფერია, თუმცა ბრძოლის გზებიც გამოვიარეთ ერთად და დღეს უკვე სხვა თვალით ვუყურებთ ამ ცხოვრებას, შესაცვლელი კიდევ ბევრია, ასე რომ ბოლომდე ასე გულანთებით გავაგრძელებთ ბრძოლას.-ამბობს სალომე. წარმატებული მასწავლებელი თემში ენის ბარიერის არსებობის მიზეზს ასე ხედავს. " ძირითადი მიზეზი იყო კომუნიკაციის ნაკლებობა, სახელმწიფო პროგრამებისა და სიახლეების მიღება, ამიტომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, ეს ეს პრობლემა ფართოა და მიზანი რა თქმა უნდა რამდენიმე წელიწადში ვერ მიიღწევა, მთავარია რომ ნაბიჯი გადადგმულია და ეს პროცესი ნელ-ნელა უნდა განვითარდეს. მუშაობას გაგრძელებას ვაპირებ მანამ, სანამ ჩემი შესაძლებლობები არ ამოიწურება, მინდა რომ ყველა გზა ვაჩვენო, ვანახო თუ როგორ შეიძლება მიაღწიონ მიზანს და თვითონ მოაგვარონ საკუთარ თემში არსებული პრობლემები, სოფელი საბირქენდი ჩემთვის ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა ერთმანეთს პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით, მე მიყვარს ის თემი სადაც ვცხოვრობ და ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ჩემი პროფესიის გარეშე, სკოლა ჩემთვის დიდი სახლია, ბავშვობაში კი აღმომიჩენია რომ ყველაზე მტკივნეული, სახლს მოწყვეტა იყო. მჯერა, რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ერთად....მე, ჩემი მოსწავლეები, მშობლები და თემი ეს არის ჯაჭვი, რომელიც ქმნის სრულფასოვან გარემოს. "
#ჟურნალისტი
#უმცირესობა
#მარნეული
#marneulidaily
#ახალიამბები
#news
0