ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვა მოიხსნა
Gori Daily
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდგომ გახდა ცნობილი.
"ლენტეხსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ამ რეგიონებში განხორციელებული მიზნობრივი ღონისძიებების შედეგად ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 4 300 და სოფელ ხიდისყურის 80 მცხოვრებს რამდენჯერმე ჩაუტარდა პროაქტიული თერმოსკრინინგი - ასევე, მიზნობრივი ტესტირებები ჩაუტარდა ინფიცირებულთა ყველა კონტაქტს.
შესაბამისად, დღეიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მოქმედებს ის რეჟიმი, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობით არის დადგენილი. "- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიდისყურში ახალი კორონა ვირუსის შემთხვევა 13 მარტს დაფიქსირდა, რის შემდგომაც, სოფელი დაიკეტა და მიმდინარეობდა მოსახლეობის თერმო სკრინინგი და კონტაკტების კვლევა.
#ხაშურისმუნიციპალიტეტი
#ხაშური
#კარანტინი
#goridaily