კახეთში სატვირთოს მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
დედოფლისწყაროში სატვირთო მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, მარიეტა გონაშვილის განცხადებით, კახეთში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული პირი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. „ეს პიროვნება არის ტრაილერის მძღოლი, ჩვენი მკვიდრია, ცხოვრობს ქალაქ დედოფლისწყაროში. მოსკოვში იყო და მოსკოვიდან მოდიოდა. 22-ში არის საქართველოში ჩამოსული. გზად რომ მოდიოდა, ჩვენი რაიონის სოფელ ოზაანის მცხოვრები წამოიყვანა, რომელიც ასევე იყო მოსკოვში. როდესაც გადმოკვეთეს საზღვარი, მგზავრი ჩამოსვეს, კარანტინში გადაიყვანეს, გაუკეთეს სწრაფი ტესტი და აღმოჩნდა დადებითი. შემდეგ ჩაუტარდა მეორე ანალიზი უკვე „პისიარ“-ზე. იქაც დაუდასტურდა კორონავირუსი ოზაანელ პირს. ტრაილერის მძღოლმა არ იცოდა, რომ ოზაანელს დაუდასტურდა კორონავირუსი, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში“, – განაცხადა მარიეტა გონაშვილმა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლის ყველა კონტაქტი ცნობილია და ანალიზები გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია.
0