სამოდელო ინდუსტრია რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა, ამაზე უკვე არავინ აღარ კამათობს. საკმარისია წარმოვიდგინოთ, თუ რამდენი გამორჩეული გარეგნობის ახალგაზრდაა მსოფლიოში, რათა გავიაზროთ, თუ რამხელა კონკურენციასთან გვაქვს საქმე. ყოველწლიურად მოდელობის მსურველთა რიცხვი კლების მაგივრად იმატებს, უფრო და უფრო მეტი ინტერესდება დიდი პოდიუმით, თუმცა მხოლოდ 10% აღწევს მიზანს. კარგი სიმაღლე, აღნაგობა, სახე, სიარული, თავდაჯერებულობა, კომუნიკაციის უნარი, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია, თუმცა ხშირად, მხოლოდ იმიტომ, რომ მოდელი ხვდება სამოდელო სააგენტოში, სადაც მის კარიერას არასწორად გეგმავენ, ყველაფერი აზრზს კარგავს. თანამედროვე სამოდელო ბიზნესში, რამდენადაც მნიშვნელოვანია კარგი ვიზუალური მონაცემები, იმდენად - პროფესიონალი აგენტი, რომელიც მოდელს საჭირო დროს, საჭირო ბრენდს შესთავაზებს.
ხშირად, მოდელის კარიერის აღმავლობის დასაწყებად საკმარისია მხოლოდ 1 შოუ. თვალი გადავავლოთ დღეს უკვე შემდგარ ტოპ მოდელებს, რომელთა კარიერა ერთმა კონკრეტულმა ჩვენებამ შექმნა.
Anna Ewers
გერმანელი ტოპ მოდელი, რომელსაც ხშირად კლაუდია შიფერს ადარებენ, ალექსანდრ ვენგის აღმოჩენაა. უნდა ითქვას, რომ 2013 წელს, ვენგი ბალენსიაგას ახალი შემოქმედებითი დირექტორი იყო, შესაბამისად, გამორჩეული ყურადღებით სარგებლობდა. 2014 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, ანამ გახსნა Alexander Wang -ის შოუ. ამ ჩვენებამ ის მოდის საერთაშორისო რუკაზე განხილვად სახედ აქცია.
Joan Smalls
2010-2020 წლებში, ჯოან სმოლსი, შავკანიან მოდელებში ყველაზე ბევრჯერ დაიბეჭდა ჟურნალ ვოგის გარეკანზე, თუმცა კარიერის დასაწყისში, ნიუ-იორკში ყველა დიდმა დიზაინერმა უარი უთხრა. ჯოანის კარიერაში დიდი მომენტი დადგა მაშინ, როდესაც რიკარდო ტიშიმ ჟივანშისთვის აიყვანა. 2010 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, რიკარდომ ჯოანი ექსკლუზივად აირჩია. ამ ჩვენებამ სმოლსი სუპერმოდელად შექმნა.
Adut Akech
2019 წლის ტოპ მოდელის ჯილდოს მფლობელი, ადუთ აკეჩი სან ლორანის აღმოჩენაა. საკმარისია აღნიშნოთ, რომ ადუთი, ნაომი ქემების შემდეგ, პირველი შავკანიანი მოდელია, რომელმაც ვოგის ოთხივე გავლენიანი გამოცემა დაამშვენა, რათა მის წარმატებულ კარიერას გავუსვათ ხაზი. ეს ყველაფერი კი, 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე დაიწყო, როდესაც ბელგიელმა დიზაინერმა, ენტონი ვაკარელომ ადუთი სან ლორანის დებიუტანტ მოდელად შეარჩია.
Kristina Grikaite
კრისტინა გრიკაიტეს კარიერა მაშინ შედგა, როდესაც 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე მიუჩია პრადამ იხილა. მას შემდეგ, რუსი თინეიჯერი ზედიზედ 5 სეზონი პრადას სახე იყო.
Anok Yai
სამხრეთ სუდანელი მოდელის კარიერის აღმავლობაც პრადას სახელთანაა კავშირში. 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე, ანოკი, ნაომი ქემბელის შემდეგ, გახდა პირველი შავკანიანი მოდელი, რომელმაც პრადას შოუ გახსნა.
Imaan Hammam
რიკარდო ტიშის კიდევ ერთი დიდი აღმოჩენა. 2013 წელს იმან ჰამამი შეირჩა ჟივანშის შოუს გამხსნელ მოდელად. როგორც ხშირად ამბობენ, დანარჩენი უკვე ისტორიაა.
სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ თანამედროვე მოდაში, ყველაზე ბევრ წარმატებულ მოდელს სწორედ პრადა და რიკარდო ტიში ქმნიან. გახდე პრადას, ან რიკარდოს ექსკლუზივი, თითქმის უტოლდება წარმატებული ტოპ მოდელის კარიერის დასაწყისს.