თბილისელ მუშათა პირველი მანიფესტაცია - ძმობა, ერთობა, თავისუფლება !

0
22 აპრილის დილით ალექსანდრეს ბაღის განაპირას სალდათის ბაზარში ლურჯბლუზიანი და გრუზათმიანი მუშების ნაწილი ინტერესით ათვალიერებდა თითქოს გასაყიდად გამოტანილ გათლილი შინდის ჯოხების გროვას, ნაწილი კი შეჯგუფულიყო და თვალებით ბურღავდა ხალხში არეულ პოლიციელებს, შენობების კუთხეებში მოფარებულ ცხენოსან კაზაკებს და კონკის ვაგონიდან მომზირალი ჟანდარმთა შეფობის - ლავროვის, ცისის და ზასიპკინის ნაცნობ სიფათებს. 12 საათისთვის ერთ-ერთ ჯგუფში ნერვიული ფუსფუსი ატყდა - არაქელა ოქუაშვილმა ცოლისძმას - კარაპეტა ბელოევს პალტოს შიგნიდან ტანზე დახვეული, კოლა მაჭარაძის მიერ სამი წლის წინათ მოხატული წითელი ბაირაღი შემოაცალა და იქვე სიახლოვეს, აღელვებისგან აკანკალებული ხელით გაბო ოქოევის მაღაზიიდან გამოტანილი ჭერის საწმენდი „ჩოთქის“ ტარზე აბმა დაიწყო. ამასობაში ერთ-ერთმა მუშამ გასაყიდად გამოტანილი „ტაბურეტკაც“ მოიხელთა და ზედ შემდგარი ტანმორჩილი გიორგი თელიას პირველი სიტყვებისა და „ვაშას“ ყვირილის ფონზე ბაზრის მოლივლივე თავების ზემოთ წითელი, ნაქარგი დროშა გაიშალა. ეფექტი იმდენად მოულოდნელი გამოდგა, რომ იქვე მდგარმა „გოროდოვოიმ“ მეწამულ ბაირაღზე ამოქარგული მარქსის, ენგელსის და ლასსალის სახეების დანახვაზე ქუდი მოიშვლიპა და პირჯვარი გადაიწერა - კვირა დილით, სათნო წვეროსნების სახეების და უცხო ოქროსფერი წარწერების გამო დროშა საეკლესიო ბაირაღად აღიქვა. „8 საათიანი სამუშაო დღე! ძმობა, ერთობა, თავისუფლება!!!“-ს ყვირილით დაძრულ გუნდს ხალხში არეული პოლიციის რაზმი დაეძგერა და ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა - პოლიცმაისტერი გედევანოვი დროშას მისწვდა და დაითრია, რომელიც გაწევ-გამოწევაში შუაზე გაიფხრიწა; სანამ მუშების მეორე გუნდმა შინდის კეტები მოიმარჯვა და მთავარ ჯგუფს მიეშველა, შევიწროებული მედროშეები პოლიციელების დაწოლას მუშტით და მითვისებული „ტაბურეტკით“ იგერიებდნენ, რომელიც გმირულად დაიფშვნა გედევანოვის ნეკნებზე; ვლასა მგელაძე შინდის კეტით დაუნდობლად სცემდა გარს შემოხვეულ პოლიციელებს და კაზაკებს, არაქელამ ხანჯალი იშიშვლა, მწარედ ნაცემმა ლეონტი მამალაძემ კი ვეღარ გაუძლო ყოველი მხრიდან დეზიანი ჩექმების ცემას და რევოლვერიდან უწესრიგო სროლა ატეხა, რომლის ბრმა ტყვიამ ერთ-ერთ პოლიციელს ზურგში გაუარა. მასობრივ ცემა-ტყეპაში გარდატეხა სასულიერო სემინარიის მხრიდან ჩამოქანებულმა კაზაკი ცხენოსნების რაზმმა შეიტანა, რომელმაც ბრალიან-უბრალოს მათრახით აუჭრელა ზურგი, მეამბოხეების ჯგუფები დაშალა და შებოჭა. „იარმუკის“ ირგვლივ ბრახუნით დაიხურა დუქნების დარაბები და გოლოვინსკზე მოძრაობა ჩაკვდა. სანამ გოროდოვოები ძირს დაყრილ „ბუნტოვშიკებს“ ხელებს უკრავდნენ და ქარავანივით ამწკრივებდნენ, გამარჯვების აღსანიშნავ აკორდად პოლიცმაისტერის მოადგილე ცხენიდან ერთ-ერთ გოროდოვოის გადასწვდა და მოტვლეპილ თავზე ეამბორა. ჩამქრალი შეტაკების საბოლოო წერტილი სამმა ახალგაზრდა ბარიშნამ დასვა, რომლებიც გაწიწმატებული ეცნენ ხელ-ფეხის შეკვრაში გართულ რამდენიმე პოლიციელს, დაუნდობლად დაკაწრეს და ულვაშები დააგლიჯეს. პეტერბურგიდან რევოლუციონერობის გამო გამოსახლებული „კურსისტკები“ - ნინა ნოსარი, სარა ფინკელშტეინი და ალექსანდრა შაკოლი გაბაწრულ და დასისხლიანებულ მომიტინგეებს დაუყენეს გვერდში და ქალაქელი ავარების ლანძღვა-გინების თანხლებით მეტეხის გზას გაუყენეს. ნაგვიანევმა კორესპონდენციამ ტფილისური პირველმაისობიდან ჟენევაში მაისის ბოლოს ჩააღწია და რუსულენოვანი „ისკრას“ ფურცლებიდან ევროპულ პრესაში გადაინაცვლა. საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის რუკაზე ტფილისმა წითელი დროშა დამსახურებულად დაამატა, რევოლუციის მედროშეების სახელებმა კი ინტერნაციონალური მასშტაბი შეიძინეს. სამი ათწლეულის შემდეგ, როცა საბჭოთა ტფილისის მუშათა საბჭოსა და აღმასკომის ფუნქციონერებს, ასევე ძველ რევოლუციონერ-ბოლშევიკებს მოედნის სახელის გამოცვლისას წესით ეს თავბრუდამხვევი და საამაყო მოვლენა უნდა გახსენებოდათ, მედროშე და დამრტყმელი რაზმელებიდან - ვლასა მგელაძე (1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური დასავლეთ საქართველოში) არც ისე დიდი ხნის გასული იყო არალეგალურად საბჭოთა საქართველოს საზღვრებიდან; ლეონტი მამალაძე, რომელსაც ციმბირის ფასად დაუჯდა რევოლვერის გასროლა, ახალი დაბრუნებული იყო უკვე საბჭოთა ციმბირული გადასახლებიდან; კოლა მაჭარაძე კი ამაოდ ითხოვდა დაპატიმრებისას ჩამორთმეული მემუარების დაბრუნებას. 1935 წელს ლავრენტი ბერიამ საბჭოთა მოქალაქეებს ამიერკავკასიაში სოციალისტური მოძრაობის ახალი „სახარება“ წარუდგინა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ფაქტი ახლებურად, სტალინურად იყო ინტერპრეტირებული (როგორც ბოროტი ხმები ჩურჩულებდნენ, თავად ბელადის რედაქციით). მაისობის ცოცხლად დარჩენილმა მონაწილეებმაც საკუთარი მოგონებები სასწრაფოდ ოფიციალურ თარგს მოარგეს - როგორ დაგეგმა და უხელმძღვანელა პირველ საჯარო სამაისო დემონსტრაციას ამხანაგმა კობამ, რომელიც როგორც „ინტელიგენტი“ დემონსტრაციაზე არ უნდა მისულიყო და სულაც ამ დროს ბათუმში იმყოფებოდა. წყარო: archive.ge
0