იწვევს თუ არა ახალი კორონავირუსის გართულება კავასაკის დაავადებას?

0
პრილის ბოლოს, რომის პაპის, იოანე XXIII-ის ჰოსპიტლის (ბოლონია) სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ბავშვებში კავასაკის დაავადების სიმპტომები უჩვეულოდ მაღალი იყო. ეს განსაკუთრებით აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში იტალიაში ახალი კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიამ იფეთქა. მცირეწლოვან ბავშვებში გავრცელებული სისხლძარღვების ამ იშვიათი დაავადებისა და COVID-19- ის ეპიდემიის კავშირის ალბათობა სავსებით ლოგიკური იყო, მითუმეტეს, რომ გამოკვლეული პაციენტების უმრავლესობამ ვირუსის გენეტიკურ მასალაზე ჩატარებულ ტესტში უარყოფითი შედეგი აჩვენა. ასეა თუ ისე, იმის გამო, რომ დაავადების უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელი ზუსტად იმ დროს დაფიქსირდა, როდესაც COVID-19 – ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ რეგიონში პიკს მიაღწია, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ახალ კორონავირუსულ ინფექციას სავარაუდოდ, შეუძლია კავასაკის დაავადების პროვოცირება იმ ბავშვებში, რომლებიც ამისკენ მიდრეკილი არიან. მოგვიანებით მსგავსი დაკვირვებები ბრიტანელმა, ესპანელმა, პორტუგალიელმა და ამერიკელმა პედიატრებმაც გამოაქვეყნეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საუბარი იყო კავასაკის დაავადების სიმპტომების მქონე 15 ბავშვზე, რომლებიც 17 აპრილიდან 1-ელ მაისამდე ნიუ – იორკის საავადმყოფოებში მოხვდნენ. ექიმების პირად ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადგილობრივმა მედიამ პრობლემას ყურადღება ჯერ კიდევ 28 აპრილს მიაქცია, მაგრამ რეალური სტატისტიკის შესახებ პირველი სანდო დეტალები მხოლოდ 4 მაისს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ბიულეტენიდან გახდა ცნობილი. იტალიის მსგავსად ნიუ-იორკშიც კავასაკის დაავადების სიმპტომების მქონე ბავშვების უმეტესობამ PCR ტესტზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა (15-დან 11 ბავშვი), თუმცა ამასთან ერთად ზოგი მათგანის შემთხვევაში ანტისხეულების ტესტი დადებითი იყო. ექიმების მონაცემებით, "ჩვეულებრივი" კავასაკის დაავადების შემთხვევაში სიკვდილიანობა 0.1% -ს (იაპონიის მონაცემები) არ აღემატება. 30-ჯერ გაზრდილი მონაცემების მიუხედავად, რაზეც ახლა იტალიელი ექიმები საუბრობენ, დაავადების რისკი მაინც დაბალია. ეს ძალიან დამოკიდებულია ქვეყანასა და ბავშვის ეთნიკურ წარმომავლობაზე, მაგრამ ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში წელიწადში 25-ზე ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება. ეს დაახლოებით 5-წლამდე ასაკის 100 ათას ბავშვზე ინფიცირების 25 ფაქტს გულისხმობს. ვინაიდან კავასაკის დაავადების გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, ერთადერთი, რაც შეიძლება COVID-19-თან მისი კავშირის შესახებ ითქვას არის ის, რომ ახალი კორონავირუსული ინფექცია შეიძლება იქცეს იმუნურ სისტემაში პათოლოგიური პროცესების გამომწვევ ფაქტორად, თუ ბავშვი დაავადებისკენ გენეტიკურად მიდრეკილია. ამ ჰიპოთეზის ცალსახად დადასტურება ან უარყოფა ჯერჯერობით შეუძლებელია. ის ემყარება COVID-19-ისა და კავასაკის დაავადების დამთხვევას გარკვეული რაოდენობის ბავშვების შემთხვევაში: 10 მცირეწლოვანი პაციენტი იტალიაში, 17- საფრანგეთში და 15 - ნიუ – იორკში. ბერგამოს ექიმები თავიანთ სტატიაში საუბრობენ დაავადებებს შორის კავშირზე, როგორც „ძლიერ ასოციაციაზე“, თუმცა ამის ზუსტ განსაზღვრებაზე საუბარი შეუძლებელია. მაისის დასაწყისში ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს სპეციალისტებმა კავასაკის დაავადების ცნობილი ექსპერტის, ჯეფრი ბერნსის ხელმძღვანელობით, COVID-19-ისა და კავასაკის დაავადების შესაძლო კავშირის შესახებ ონლაინ სიმპოზიუმი ჩაატარეს. საავადმყოფოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ექიმები დისკუსიის საფუძველზე ორ მთავარ დასკვნამდე მივიდნენ: 1) კავასაკის დაავადება კვლავ იშვიათია 2) თუ ბავშვს ახალი კორონავირუსული ინფექციის პარალელურად კავასაკის დაავადების სიმპტომი აღენიშნება, ექიმმა დაუყოვნებლივ უნდა გაიაროს კონსულტაცია პედიატრთან, ინფექციონისტთან, რევმატოლოგთან ან ბავშვთა რეანიმატოლოგთან. სპეციალისტების განმარტებით, კავასაკის დაავადებით გამოწვეული გართულებები დღეისათვის 3-5%-მდეა შემცირებული. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პროცესი საკმაოდ სწრაფად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ოპერატიული რეაქცია და შესაბამისი მკურნალობა. ამ შემთხვევაში მშობელმა დაავადების პირველივე სიმპტომის გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს ექიმს.
0