პირველი რესპუბლიკა, აჭარის დაბრუნება და უახლესი ისტორია

0
ტრაპიზონის კონფერენციის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა ბათუმის საზავო მოლაპარაკება, რომელიც ორ ეტაპად ( 1918 წლის 11-26 მაისი და 31 მაისი - 4 ივნისი) გაიმართა. პირველად ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და ოსმალეთს შორის, ხოლო მეორე ეტაპზე, ამ უკანასკნელსა და ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკებს შორის. კონფერენციის პირველ ეტაპზე ამიერკავკასიის საზავო დელეგაცია (თავმჯდომარე ა. ჩხენკელი) უკვე ცდილობდა მოლაპარაკებას საფუძვლად დადებოდა ბრესტის საზავო შეთანხმება. ოსმალეთი კი, ზავის ახალ პირობებს მოითხოვდა. მათ იმდენად დიდი ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნდათ, რომ მისივე მოკავშირე გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის პროტესტიც გამოიწვია. შექმნილი სიტუაციიდან რეალურ გამოსავლად ითვლებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის რეალიზება. საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ აქტი ბათუმში შემუშავდა და 26 მაისს თბილისში გაფორმდა. ბათუმის საზავო კონფერენციის დასკვნით ეტაპზე, 1918 წლის 4 ივნისს ოსმალეთმა იარაღის მუქარით აიძულა ახალბედა საქართველოს რესპუბლიკა ბრესტის ზავით გათვალისწინებული ბათუმი, არტაანის გარდა, დაეთმო ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები. ოსმალებმა სამხ. დას. საქართველოში შემოიღეს თავიანთი მმართველობა. მიუხედავად ამისა, დემოკრატიული ტრადიციებით გამორჩეული ბათუმის თვითმმართველობა არ გაუქმებულა. პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხებამ წერტილი დაუსვა ბათუმის ოლქში ოსმალეთის ექვსთვიან საოკუპაციო რეჟიმს. 1919 წლის დასაწყისიდან ბათუმის ოლქი და ქალაქი ბათუმი წარმოადგენდა ანტანტის გამარჯვებულ სახელმწიფოთა საოკუპაციო ზონას. ინგლისის საოკუპაციო ჯარების მთავარსარდლობამ ქ. ბათუმისა და ბათუმის ოლქის გუბერნატორად დანიშნა გენერალი კუკ კოლისი. ინგლისელებმა საწყის ეტაპზე შექმნეს სამოქალაქო მმართველობის სტრუქტურაც _ ბათუმის ოლქის მართვის საბჭო, რომელიც ძირითადად რუსული ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. საბჭოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა კადეტი პ. მასლოვი, გამოირჩეოდა, მკვეთრი ანტიქართული ხასიათით. 1919 წლის 14 აპრილს გუბერნატორის ბრძანებით საბჭო დაშლილად გამოცხადდა. 1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. მართალია, ბოლშევიკურმა რუსეთმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ დღითიდღე ცხადი ხდებოდა, რომ იგი მეზობელი ქვეყნის ხელმეორედ დასაპყრობად ემზადებოდა. 1921 წლის თებერვალს საბჭოთა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს იწყებს. ომის პირველ ეტაპზე მცირერიცხოვანმა ქართულმა არმიამ რამდენიმე გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ თებერვლის ბოლოს სასწორი მაინც დამპყრობთა მხარეს გადაიხარა და 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის ჯარებმა თბილისი დაიკავა. რუსეთსა და საქართველოს შორის წარმოებული ბრძოლებით ისარგებლა ოსმალეთმა და მას არდაგან-ართვინი წააგლიჯა. 10 მარტს ოსმალთა ერთი ბატალიონი ხულოსა და ქედაში შევიდა, 12 მარტს კი, თურქები ბათუმშიც გამოჩნდნენ. მათი დამატებითი ძალები ქალაქში 15-16 მარტსაც შედიან. თურქული ხელისუფლების მიერ გავრცელებული ვერსიით, ისინი საქართველოდან რუსების განდევნას აპირებდნენ. თუმცა, 17 მარტს ოსმალთა ჯარმა ბათუმის ცენტრალური ფოსტა და სხვა სტრატეგიული ობიექტები დაიკავა, რითაც დადასტურდა, რომ მათი მიზანი რეგიონის ანექსია იყო. 17 მარტსვე მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანია და ხელისუფლების სხვა წევრები ბათუმის პორტიდან ემიგრაციაში მიდიან. აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთში უკან დახეული ქართული არმია გარდაუვალი კაპიტულაციის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა, სარდლობა იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჯარმა სამშობლოსთვის უკანასკნელი ვალი აღასრულოს და საქართველოს ოსმალთა მიერ მიტაცებული ტერიტორიები დაუბრუნოს. არმიას მოხალისეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან უერთდებიან. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით 18 მარტს ბათუმისათვის ბრძოლები იწყება. 21 მარტს კი, ქართველებმა ოსმალები ბათუმიდან განდევნეს და აჭარა საქართველოს შეუნარჩუნეს. სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები ბათუმში , , აზიზიეს მოედანზე'' ამჟამინდელ თავისუფლების მოედანზე დაკრძალეს. ბათუმის ისტორიის ერთ-ერთი მტკივნეული ფურცელია 1924 წელს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში წამოწყებული აჯანყების დროს განვითარებული მოვლენები. ბათუმში ანტისაბჭოთა გამოსვლების მონაწილე ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის წევრებს წინასწარი გამოძიების გარეშე გაუსწორდნენ. 1924 წლის 31 აგვისტოს ანტისაბჭოთა გამოსვლების მონაწილეები დახვრიტეს. მათ შორის იყო ოსმალებისგან ბათუმის განთავისუფლებისათვის ბრძოლის აქტიური მონაწილე გენერალ-მაიორი გიორგი ფურცელაძე, რომელსაც მაშინ ბათუმის გამაგრების შტაბის უფროსის თანამდებობა ეკავა. გასაბჭოების შემდგომ აჭარის რეგიონს თითქოსდა `რელიგიური ნიშნით~ ავტონომიის სტატუსი მიენიჭა, თუმცაღა, ამით საბჭოთა რუსეთის შორსგამიზნული იდეაც ინიღბებოდა. სოციალიზმის ეპოქა ბათუმისათვის განსაკუთრებით გამორჩეული არ ყოფილა. საბჭოთა იმპერიაში მცხოვრებ ხალხთა მსგავსად, ბათუმმა და მისმა საზოგადოებამ 37-38 წლების სუსხი საკუთარ თავზე გამოსცადა. ბათუმლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში (1941-45 წ.წ.) სხვადასხვა ფრონტებზე. ბათუმიდან ომში გაწვეული 12 258 ჯარისკაციდან შინ 4 728 არ დაბრუნებულა. 60-80-იან წლებში ქალაქის ცხოვრება საბჭოთა ყოფისა და მისთვის დამახასიათებელი ღირებულებების ტიპიურ მაგალითს წარმოადგენდა. წყარო : Batumi.ge ბათუმი ისტორია სსრკ საქართველო
batumidaily
0