მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე - გარკვეული პირები დაიკითხნენ, გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტები

Tbilisi Daily

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ გარკვეული პირები დაიკითხნენ და გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტები. „დღეს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებს გავეცანი, რომელიც გამოძიებას გამოთხოვილი ჰქონდა და სამწუხაროდ, ისევ არასრული იყო. გარკვეული პირები დაიკითხნენ, გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტები, რომელთა დაკითხვაც მიმდინარეობდა. საქმეს ემატება ტომები, უფრო მოცულობითი გახდა ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა კუთხით წავა ყველაფერი და გამოჩნდება ის მთავარი, რასაც ჰქვია თამუნას გარდაცვალების მიზეზი, ან ის ჯგუფი, რომელმაც ეს ჩაიდინა“, განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. ადვოკატის თქმით, „ჰიუნდაის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაც გაიმართა და უახლოეს დღეებში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა ჩაუტარდება. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.