10 წელი ახალი ნაგავსაყრელის მოლოდინში - ბათუმში ნარჩენების სუნია
Tbilisi Daily
19,2 ჰა-ზე გადაჭიმული ნაგავსაყრელი პოლიგონი მდინარის წყალდაცვით ზოლში. ბათუმში, ადლიის დასახლება, 1965 წლიდან დღემდე ნაგავსაყრელადაა გადაქცეული. ტერიტორია არ არის შემოღობილი, იქ ადამიანებსაც ნახავთ და ცხოველებსაც. მოქალაქეებს აქ მოწყობილი აქვთ ფარდულები და აგროვებენ სხვადასხვა სახის ნარჩენს, ეს მათთვის ერთადერთი საარსებო წყაროა. მათ ცხოველებისა და ფრინველებისთვის უწევთ კონკურენციის გაწევა. პოლიგონზე ნარჩენებით იკვებება პირუტყვი. ამ პირუტყვისგან მიღებული პროდუქტი კი დაავადების გაჩენის რისკებს ზრდის. აქვე ბინადრობს რამდენიმე ათეული უპატრონო ძაღლი. ზაფხულის პერიოდში ნაგავსაყრელი პოლიგონიდან მძაფრი სუნი ქალაქის ცენტრალურ ნაწილამდე აღწევს და მოსახლეობისა და ტურისტების აღშფოთებას იწვევს. 2010 წლიდან აქტიურად ანონსდება სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, რაც აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებშია გათვალისწინებული. შედეგი ისევ არ დგას. როდის აშენდება 7 მილიონი ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყარი, ჯერ კიდევ უცნობია. პროექტი ჯერჯერობით შეფერხებულია, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო მის წლის ბოლომდე დასრულებას ვარაუდობს.