ხათუნა სამნიძე: რუსთაველზე პოლიტიკური ნიშნით თავს დაგვესხნენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პარლამენტის წევრი და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელს, დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ - მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დეპუტატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. "მოვდიოდით მე და დათო ბერძენიშვილი რუსთაველის გამზირზე, ორი ადამიანი მოვიდა ქაშუეთის ეკლესიასთან, დაგვიწყეს საუბარი პოლიტიკაზე - ასეთ დროს ვჩერდებით ხოლმე და ვესაუბრებით. შემდეგ დაიწყო აგრესიული საუბარი - ვეცადე გავრიდებოდით, ვუთხარით, რომ გვეჩქარებოდა. ამის შემდეგ გადავიდნენ ლანძღვაზე, დედის გინებაზე. გვითხრეს, რომ მოღალატეები ვართ... ერთ-ერთი ფიზიკურად გაიწია დათო ბერძენიშვილზე, მე შუაში ჩავუდექი და მეც ფიზიკურად შეურაცხყოფა მომაყენა ორივემ", - ამბობს ხათუნა სამნიძე. დეპუტატის თქმით, ამ ინციდენტის დროს მან თავად იხმო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას. "მითხრა პატრულს რომ დაუძახე, ამის გამო გადამიკიდეო - პატრულის წინაც დამემუქრა", - თქვა სამნიძემ. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31885372.html

Source: radiotavisupleba.ge