აჭარის რეგიონში გამკაცრებული ეპიდკონტროლი მიმდინარეობს
Tbilisi Daily
გასული დღე-ღამის განმავლობაში, აჭარაში 3500-ზე მეტი PCR-ტესტი ჩატარდა, 116 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა, შემთხვევათა უმეტესობა ბათუმს უკავშირდება. ერთეული შემთხვევები გამოვლინდა ქობულეთში, ქედასა და ხულოში, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა.
„დღეისთვის, აჭარაში 486 პირი მკურნალობს კოვიდკლინიკაში, 360-ზე მეტი კი კოვიდკარანტინშია. მოთხოვნის შესაბამისად, საწოლფონდი იზრდება და ეს საჭიროების მიხედვით განისაზღვრება. ამასთან, ემატება კოვიდსასტუმროებიც. ჯანდაცვის რგოლი სრულ კოორდინაციაში მუშაობს და ერთიანი მუშაობის სქემა მუშაობს ყველა სხვა უწყებასთან ერთად. რეკომენდაციაა, მოსახლეობამ დაიცვას ის წესები, რაც არის გავრცელებული. ამ შემთხვევების შესაბამისად, მოხდება სწრაფი რეაგირება, როგორც ჯანდაცვის რგოლის, ისე - სხვა უწყებებისგან“ - განაცხადა ნონა ეფაძემ.
მისივე ინფორმაციით, გუშინ 24-მა პაციენტმა დატოვა ე.წ. კოვიდკარანტინი, 4 პაციენტი კოვიდკლინიკიდან გასაწერად ემზადება და დღეს, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი სხვა PCR-ტესტის შედეგები, რომელიც გამოჯანმრთელებულთა რიცხვს განსაზღვრავს.
ნონა ეფაძის განცხადებით, ახალი შემთხვევების კონტაქტებისა და ახლო წყაროების კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 46 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3306 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1481 ადამიანი, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 497 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.