„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ საოლქო პროკურატურას მიმართა, ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას და კომპანია „მ²-ს“ შორის არსებულ გარიგებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
ანა წითლიძე ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
„შევიტანე პროკურატურაში განცხადება, სადაც ვითხოვ რომ დაიწყოს გამოძიება ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას და მ²-ს შორის არსებულ კორუფციულ გარიგებაზე. ყველას გახსოვთ, რომ კომპანიამ იყიდა ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორია და აიღო რამდენიმე ვალდებულება. თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა ისე, რომ შენგელიას პირადი დაინტერესებით სატენდერო პირობები შეიცვალა და ხელშკრულებაში ყველა ის ვალდებულება რომელიც უნდა შეესრულებინა კომპანიას აღარ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ მერის ამ გადაწყვეტილებით ზუგდიდის ბიუჯეტმა უკვე იზარალა. ჩვენი ინფორმაციით მ²-ს არ გადააქვს ყინულის სახლი და ეს ადგილობრივ ბიუჯეტს უჯდება 300 ათასი ლარი. ასევე კომპანია არ აპირებს პროფესიული კოლეჯის აშენებას.
საერთოდ არ აპირებს ამ ტერიტორიაზე არანაირი ინვესტიცის განხორციელებას და იგეგმება ამ ტერიტორიის გაყიდვაც. ჩვენ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, სწორედ ამიტომ მივმართეთ პროკურატურას, რომ კონკრეტულად ამ საქმეზე დაიწყოს გამოძიება.“
ამ ამბავს ზუგდიდის მერი ეხმაურება :
„თავიდან კომპანია შემოსული იყო წინადადებით რომ საინვესტიციო ვალდებულებით ყო სიმბოლურ ფასად მომხდარიყო მათთვის ამ მიწის გადაცემა, სადაც ისინი განახორციელებდნენ 8 მილიონი ლარის ინვესტიციას და ყინულის სახლს საკუთარი სახსრებით დემონტაჟს გაუკეთებდნენ, გადიტანდნენ ახალ ლოკაციაზე, რაშიც უნდა დაეხარჯა 3 მილიონი ლარი. გაიმართა საჯარო განხილვები არასამათავრობოებთან, მოქალაქეებთან, ოპოზიციასთან და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ აღნიშნული ქონება არა სიმბოლურ ფასად, არამედ შეფასებით გასულიყო აუქციონზე, ასეც მოხდა და აუქციონის შედეგად, მერიამ ამ ქონების ვალდებულების რეალიზაციაში, მიიღო 7 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი. კომპანიას კი დაეკისრა 8 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიიციის განხორციელება. მერიის ვალდებულებაში კი დარჩა ყინულის მოედნის დემონტაჟი, რაშიც მუნიციპალიტეტი ხარჯავს 300 ათას ლარს, ამით ჩვენ გაცილებით მეტი ეფექტი მივიღეთ ვიდრე იმით, რომ პირველი გზით რომ წავსულიყავით.“
ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორია 2019 წლის ივნისში გაიყიდა. ფართობი 7 მილიონ 270 ათას 118 ლარად მ2-მა შეიძინა. ელექტრონული აუქციონის პირობების თანახმად, განხორციელდება 8 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ინვესტიცია. კერძოდ, აშენდება 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმრო.
#ზუგდიდი #ერთიანინაციონალურიმოძრაობა #პროკურატურა #ზუგდიდისმერია #ყინულისმოედანი #zugdididaily