ანგი - ქართული ძეგლების დეტალები

0
საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მართლმადიდებლური ძეგლებით, თუმცა ცოტამ თუ იცის ქართული ეკლესიებისა და მონასტრების კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილები, რას ნიშნავს ისინი და რამდენად მნიშნველოვანია მართლმადიდებლური სამყაროსთვის.
მოდი, ერთად გადავხედოთ და განვიხილოთ ძეგლების ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები:

აფსიდი

აფსიდი გეგმით ნახევარწრიული ფორმის მოცულობას წარმოადგენს, რომელიც მეოთხედსფეროთია (კონქით) გადახურული. აფსიდით შეიძლება სრულდებოდეს ბაზილიკის ნავები, ჯვროვანი ტაძრის მკლავები, დამხმარე სათავსები, ეკვდერები. საკურთხეველი უმრავლეს შემთხვევაში აფსიდალურია, თუმცა გვხვდება სწორკუთხა საკურთხევლებიც. აქვე დავაკონკრეტებ, რომ მაგალითად თუ ტაძრის სამი ნავი ან ერთი მკლავი და ორი დამხმარე სათავსი აფსიდით სრულდება ასეთ ტაძარს სამაფსიდიანს (ტრიკონქს) არ ვუწოდებთ, ტეტრაკონქი ან ტრიკონქი მხოლოდ იმ შემთხვევაშია თუ ჯვრული ტაძრის მკლავებია აფსიდალური. *ფოტოზე კუშჩის ტაძარი, გეგმა სამთავისის ტაძრის.
აფსიდი შეიძლება იყოს შვერილი ან სწორკუთხედში ჩაწერილი. თუ გარედანაც ვხედავთ ერთ ან რამდენიმე ნახევარწრიული გეგმის მქონე მოცულობას, ესე იგი აფსიდი შვერილია. თუ ტაძარი გარედან დანახვისას სწორკუთხაა, შიგნით შესვლისას კი ნახევარწრიული მოხაზულობის საკურთხეველი ან მკლავები აღმოვაჩინეთ, ესე აფსიდი სწორკუთხედშია ჩაწერილი. ტაძრები შვერილი აფსიდით: კვეტერა, ნინოწმინდის ტაძარი, სხალთა, ლიხაური და ა.შ. ტაძრები ჩაწერილი აფსიდით: ბაგრატი, სამთავისი, ურბნისის ტაძარი, გურჯაანის ყველაწმინდა და ა.შ. ფოტოზე კვეტერა, გეგმები სხალთის და ქილდის ტაძრების.

ფრონტონი

ფრონტონი შენობის ორფერდა სახურავის ფარგლებში მოქცეული ფასადის ნაწილია, სადაც ხშირად რელიეფია განთავსებული. ფოტოზე გომარეთის წმ. გიორგის ეკლესია

ციკოლი

ცოკოლი ნაგებობის ქვედა ნაწილია, რომელიც უშუალოდ საძირკველს ეყრდნობა და ცოტათი წინ არის გამოწეული. ცოკოლი შეიძლება იყოს ერთ ან რამდენიმე საფეხურიანი, ასევე სადა ან პროფილირებული. ფოტოზე ფიტარეთის ტაძარი

კამარა

კამარა მრუდწირული მოხაზულობის სივრცითი კონსტრუქციაა, რომელიც არსებობს სხვადასხვა ფორმის: ცილინდრული, შეისრული, ჯვროვანი და სხვა. ფოტოზე ფარავნის ეკლესია
კონქი აფსიდის (გეგმით ნახევარწრიული ფორმის მოცულობა) მეოთხედსფერული ფორმის გადახურვაა. ფოტოზე კუშჩის წმ. გიორგის ეკლესია

აფრა

ტრომპი და აფრა - ორივე მათგანი გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლისთვის გამოიყენება. ტრომპს ნახევარძაბრის ან კონუსის ნაწილის ფორმა აქვს და მისი საშუალებით წრეზე გადასვლა საფეხურებად ხორციელდება (მაგალითად ფოტოზე ვხედავთ ატენის სიონის გუმბათს, სადაც ტრომპების სამი რიგი გვხვდება), აფრას კი სფერული სამკუთხედის ფორმა აქვს და მისი საშუალებით წრეზე გადასვლა პირდაპირ, საფეხურების გარეშე ხდება. ზედა ფოტო - ატენის სიონი ქვედა ფოტო - ფიტარეთი

თაღი

თაღი ორ საყრდენს შორის მრუდწირული გადახურვაა, რომელიც სხვადასხვა ფორმის შეიძლება იყოს: ნახევარწრიული, ნალისებრი, შეისრული. ნალისებრი მოხაზულობა, ნახევარწრიულთან შედარებით, წრეწირის უფრო დიდ ნაწილს შემოწერს. შეისრული ფორმის ორი მხარე ისრისებურად მიემართებიან ერთმანეთისკენ და კუთხეს ქმნიან. ამ მოხაზულობების გამოყენება შეიძლება შეგვხვდეს აფსიდისა და კამარის შემთხვევაშიც, მაგალითად: შეისრული კამარა ან ნალისებრი აფსიდი. ფოტოზე ჩხიკვთის წმ. გიორგის ეკლესია

პლასტერი

პილასტრი ნახევარსვეტია, რომელსაც უმეტესად კამარის საბჯენი ან დეკორატიული თაღები ეყრდნობა. პილასტრი უმეტეს შემთხვევაში ეყრდნობა ბაზისს და სრულდება კაპიტელით (სვეტისთავი). ფოტოზე ფარავნის ეკლესია.

არქიტრავი

შესასვლელი შეიძლება იყოს თაღოვანი, არქიტრავული ან ერთი მხრით - თაღოვანი, მეორე მხრით - არქიტრავული. არქიტრავული გადახურვა სწორხაზოვან გადახურვას ნიშნავს. შესასვლელის გადასახურ მთლიან ქვას უწოდებენ, როგორც არქიტრავს, ასევე ბალავარს.
ფოტოზე ფარავნის ეკლესია

ლავგარდანი

ლავგარდანი, იგივე კარნიზი, კედლის ზედა ნაწილში შემოვლებული არშიაა. ლავგარდანი შეიძლება იყოს ჩუქურთმიანი ან სადა, ასევე სხვადასხვა პროფილის მქონე, მაგალითად: თაროსებრი, წრეთარგის მოხაზულობის, წრეთარგისა და ლილვისგან შექმნილი და სხვა. ფოტოზე ნაჩვენები ლავგარდანი წრეთარგის მოხაზულობისაა. ფოტოზე ფარავნის ეკლესია

ტრიმპანი

სარკმლებისა და შესასვლელის თავზე შეიძლება იყოს ტიმპანი - ნახევრადწრიული, სამკუთხა ან ისრული ფორმის ნიში, რომელშიც ხშირად განთავსებულია რელიეფი, წარწერები და სხვა. ფოტოზე დიდი კლდეისის ღვთისმშობლის ეკლესია
მადლობა “ანგი” -ს ამ ინფორმაციისთვის, რომელსაც მუდმივად აწვდის საზოგადოებას facebook გვერდის საშუალებით. გვერდი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:
____________ გამოიწერეთ გვერდი და ადევნეთ თვალყური ყველაზე საინტერესო სიახლეებს მომოსთან ერთად ✨ - #დიზაინი #არქიტექტურა #კონსტუქცია #ნაწილი #დეტალი #მონასტერი #ეკლესია #მართლმადიდებლური #მართლმადიდებელი #ძეგლი #ქართული #საქართველო
0