"გადამიყვანონ სახლში, პირობები მაქვს, ცალ-ცალკე გვაქვს ყველას ბინები"

Tbilisi Daily

ბათუმში ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში მყოფი მოქალაქე სახლში გაშვებას და თვითიზოლაციას ითხოვს. პირი, რომელიც საკარანტინე პირობებს აპროტესტებს, ბათუმში, ორი კვირის წინ გამართული 300-კაციანი ქორწილის პატარძალია. გოგონა აცხადებს, რომ ის უკვე 10 დღეა უსიმპტომოა, ხოლო ისინი ვინც მასთან ერთად შესაბამის სივრცეებში იყვნენ გადაყვანილი, უკვე ბინაზე გაწერილები არიან. პატარძალს ეჭვი აქვს, რომ საქმე ფინანსებს ეხება, რადგან, მისივე თქმით, სასტუმრო მისთვის გაუგებარი მიზეზებით, ცდილობს ის არ გაწეროს. ამის შესახებ გოგონამ “ტვ პირველთან” განაცხადა. “ჩემი ქორწილი იყო და ჩვენთან მოხდა დაინფიცირება. ყველა ვინც ორმხრივი პნევმონიით იყო, ყველა სახლში გადაიყვანეს. ჩვენ რატომ გვაწვალებენ ვერ ვხვდები. ქორწილი იყო 300-კაციანი, მაგრამ აქედან 40-50-მდე დაინფიცირდა. ჩემი მოთხოვნა გადამიყვანონ სახლში, თვითიზოლაციაში. მაქვს პირობები, ცალ-ცალკე გვაქვს ყველას ბინები და ვიქნები სახლში. აქ უკვე გაუსაძლისია ყოფნა. ეჭვი მაქვს, რომ ფინანსებთან არის დაკავშირებული ეს საკითხი, იმიტომ რომ სასტუმრო არ გვიშვებს აქედან”, – აცხადებს პატარძალი.