სკ “გარეჯი” – დიდი წარმატება და გუნდის წლევანდელი მიზნები

0
საფეხბურთო კლუბი “გარეჯი” ყველამ წინა წელს, “დავით ყიფიანის თასი”-ის გათამაშებიდან გავიცანით, როდესაც მეოთხე ლიგელმა გუნდმა წარმოუდგენელ შედეგს მიაღწია და გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. გარეჯელებმა თავი ნახევარფინალშიც შესანიშნავად წარმოაჩინეს, სადაც ძალზედ დრამატულ ბრძოლაში, “ეროვნული ლიგის” წარმომადგენელ ლოკომოტივთან 2:3 დამარცხდნენ. გთავაზობთ ინტერვიუს სკ “გარეჯი”-ის ოფიციალურ Facebook გვერდთან: პირველ რიგში მინდა ავღნიშნო ძალიან დიდი პატივისცემა და მხარდაჭერა თქვენი გუნდის მიმართ. გარეჯი ამჟამად ლიგა 3-ში გამოდის. თქვენი აზრით რა უშლის ან უშლიდა ხელს გარეჯს უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში? -დიახ, გარეჯი ამჟამად სწორედ ლიგა 3-ში გამოდის. გუნდმა წინა სეზონში დასახულ მიზანს მიაღწია, ლიგა 4-დან აღზევდა, ასე რომ ხელისშემშლელი ფაქტორები არ ჩანს. ჰყავს თუ არა გარეჯის საფეხბურთო კლუბს სპონსორი? -გუნდს ამ ეტაპზე სპონსორი არ ყავს. თქვენი გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა, რაც მე-4 ლიგაში(როგორც ზემოთ აღინიშნა, გარეჯი წინა სეზონში სწორედ მე-4 ლიგაში იყო) მყოფი გუნდისთვის მართლაც დიდი მიღწევაა. როგორი შეგრძნებაა? -გუნდს არსებობის ისტორიაში მსგავსი წარმატება არ ჰქონია. წინა სეზონი გარეჯისთვის მართლაც დაუვიწყარი იყო, თუ არ ვცდები, ლიგა 4-ის გუნდს ამ ეტაპზე მანამდე არასდროს უთამაშია, ასე რომ შარშანდელი სეზონის შედეგით ძალზედ ვამაყობთ. დაუვიწყარი შეგრძნება იყო, მიუხედავად ნახევარფინალში განცდილი მარცხისა, გუნდმა მოედანი თავაწეულმა დატოვა. რა არის გარეჯის წარმატების საიდუმლო? -თითოეული ფეხბურთელის თავდადება, გუნდის შეკრულობა და რაღა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბის და ხელმძღვანელობის სწორი მიდგომა. რაც ყველაზე მთავარია: ფეხბურთისადმი უსაზღვრო სიყვარული! წელს რა მიზნები გაქვთ დასახული? -ჩვენი მიზანი ამ წელს ლიგა 2ში აღზევებაა. რა თქმა უნდა, ამას დიდი შრომა და თავდადება დასჭირდება, თუმცა, ამ ეტაპზე და ამ რესურსის გათვალისწინებით ვფიქრობთ რომ მიზნის მიღწევა შესაძლებელია. დანარჩენს მიმდინარე სეზონი გვიჩვენებს. ინფრასტრუქტურა ნამდვილად კარგი გაქვთ! როგორ აპირებთ მომავალში გუნდის განვითარებას და რა გჭირდებათ ამისთვის? -ჩვენი სტადიონი, საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 2-ის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რაც ფეხბურთის ფედერაციის, რაიონისა და კლუბის ხელმძღვანელობის დამსახურებაა. რაც შეეხება განვითარებას… გვინდა რაიონში ბავშთა ფეხბურთი განვავითაროთ, რაშიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გვეხმარება და გვერდში გვიდგას. ასევე გვინდა გარეჯი 2-ის შექმნა, რომელშიც ადგილობრივი ახალგაზრდები იასპარეზებენ და შესაბამისად პროგრესის და თავის გამოჩენის შემთხვევაში პირველ გუნდში დაწინაურდებიან, რაც საერთო ჯამში მთავარი გუნდის წარმატებაზე დადებითად უნდა აისახოს. და რა თქმა უნდა ასაკობრივი გუნდები, რომლებიც სხვა და სხვა ასაკობრივ ლივებში იასპარეზებენ. ინტერვიუ ჩაწერილია სკ “გარეჯი”-ის ოფიციალურ Facebook გვერდთან.
football
0