უარი მანდატებზე - გაერთიანებული ოპოზიციისა და აქტივისტების აქცია ბათუმში

Batumi Daily

აჭარის მთავრობის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელს მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც უარი თქვეს სადეპუტატო მანდატებზე, რადგან, მათი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. ​''ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში, უსკოს შედეგების მიხედვით აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეული დეპუტატები უარს ვამბობთ სადეპუტატო მანდატებზე და ვტოვებთ გაყალბებული არჩევნების შედეგებით შეკრებილ უმაღლეს საბჭოს, რადგან ის არ ასახავს რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნებას. ჩვენი ოფიციალური განცხადება საბჭოში შევა უსკოს-ს მიერ პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე. აქვე მივმართავთ უმაღლეს საარჩევნო კომისიას მოთხოვნით გააუქმოს ჩვენს მიერ წარდგენილი სიები'' - წერია დოკუმენტში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით ისინი გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ აპირებენ. ''42 დღეა თავისუფლების კვარტალში პროტესტი მიმდინარეობს. ეს აქციები მიმდინარეობს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა უბრალოდ სხვა გზა არ დატოვა. 31 ოქტომბერს ყველაფერი შეიძლება ეწოდოს, არჩევნების გარდა. თავზე გადაგვახია მთელ ერს არჩევნები და არჩევანის უფლება. არ შეიძლება ამ არჩევნების ლეგიტიმურად ჩათვლა და გაყალბებული არჩევნების აღიარება. დღეს არის სიმბოლური დღეს. უმაღლესი საბჭო აპირებს, რომ ამ გაყალბებული არჩევნების დაკანონება შეძლოს და უფლებამოსილების ცნობა გააკეთოს, ხოლო ჩვენ აქ ოპოზიციის ყველა წევრი უარს ვამბობთ ბიძინა ივანიშვილის ნაბოძებ მანდატებზე უარს ვამბობთ და არ ვაპირებთ უმაღლეს საბჭოში შესვლას. უარს ვამბობთ, იმიტომ რომ ვიცავთ ქართველი ხალხის არჩევანს'' - აცხადებს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი გიორგი კირთაძე. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. ფოტო: აჭარის ტელევიზია ##batumidaily ##აჭარა ##ბათუმი ##ახალიამბებიაჭარაში