შედარებები

0
პროზაშიც და პოეზიაშიც, ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი შედარებებია. ვინც კარგად მიცნობს, ყველამ იცის როგორ მიყვარს ჭილაძე. არათუ უბრალოდ მიყვარს, არც კი ვფიქრობ რომ ქართულ ლიტერატურას მასზე დიდი ჰყავდეს ვინმე. ეს სუბიექტური დამოკიდებულებაა, ვიცი. თუმცა, შედარებები უდაოდ საოცარი აქვს. ყველაფერი რომ ჩემთვის არ დავიტოვო, გაგიზიარებთ რამდენიმე საოცრებას, რომელთა წაკითხვაზეც, მართლა არ ვიცი როგორ შეიძლება ტანში არ დაგიაროს და არ შეგძრას. აქ, ძალიან ცოტას დავწერ, მაგრამ საოცრებას. *** "არც ის აყოვნებდა, ათრთოლებულ თითებს ფრთხილად, გაუბედავად მოაფათურებდა ხოლმე სარკის ზედაპირზე, როგორც ბრმა-გარდაცვლილი ტყუპისცალის სახეზე." *** "და როგორც ბავშვი მშიერ მხეცებთან, ფიქრებთან მარტო რჩებოდა ისევ." *** "დილიდან საღამომდე წკრიალებდა, კისკისებდა და ფერხორცით ივსებოდა კეთილშობილი ლითონი, ერთ ღამეში დაქალებულ გოგოსავით." *** "და უწყინარი იყო მიდამო, სააღსარებოდ მოსულ გლეხივით." *** "მოულოდნელად ჩაბუდებული სიმღერა ერთი წუთით მთელ ქალაქს ააფორიაქებდა ხოლმე, როგორც გლეხს-ჯერ დაუთესავ ყანაზე ფიქრი." *** "და იყურება სარკმელში მთვარე, ცერებზე შემდგარ მოზარდის მსგავსად." *** "ცაში ხარ გამოკიდებული, ნიავი გაქანავებს აქეთ-იქით ირმის დორბლივით." *** "და როგორც დენთით გატენილ კასრებს, მოაგორებდნენ ჩრდილები ფიქრებს." *** "და მისი ჩრდილი წვებოდა მზეზე და ფარასავით მიზოზინობდა." *** "სახლი კი მხოლოდ იმ ადგილს ნოშნავს, სადაც სხეული ეშვება ხოლმე, ვით სულის ღუზა." *** "და ხალხს, რომელსაც ცოტა ესმოდა, ძლივს გამოჰქობდა სიტყვიდან აზრი, როგორც ძვირფასი კუბო ეზოდან."
0