სამხრეთ კავკასიური კონფლიქტი - სომხეთისა და აზერბაიჯანის შედარებითი მიმოხილვა
Interworld
2020 წლის 12 ივლისიდან მოყოლებული, სომხეთ-აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთ (საქართველოს სიახლოვეს 25-30 კმ-ში) სასაზღვრო მონაკვეთზე შეტაკებები ხორციელდება, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.
განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, Interworld საქართველოს მეზობელი ორი სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოს მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ:
სომხეთი
სომხეთის რესპუბლიკა სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს და მას 4 სახელმწიფო - საქართველო (ჩრდილოეთი), აზერბაიჯანი (აღმოსავლეთი), ირანი (სამხრეთი) და თურქეთი (დასავლეთი) ესაზღვრება. ქვეყნის დედაქალაქი ერევანია.
2019 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 2,97 მლნ-ს შეადგენს, რაც საკმაოდ შემცირებული რიცხვია, რადგან 2012 წლის საერთო აღწერით, სახელმწიფოში 3,3 მლნ. ადამიანი ცხოვრობდა. საშუალო ასაკი 36,2 წელია და ევროპის კონტექსტში ის საკმაოდ „ახალგაზრდა ქვეყანაა“.
სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების 84,5% ეთნიკურად სომეხია. შემდეგი მსხვილი ჯგუფი ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან 8,7%-ით და მას მოჰყვება სხვა კიდევ უფრო მცირე რაოდენობის ჯგუფები.
სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკა საკმაოდ მცირეა; მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) $12,4 მლრდ-ია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე არსებული მშპ (GDP per capita) $4,643-ია.
ეკონომიკური ზრდის ტემპი 2017 წელს 7,5% იყო, 2018 წელს 5,2%, ხოლო 2019 წელს 7,6%.
შრომის ბაზარი გაუმჯობესებულია, მაგრამ უმუშევრობის დონე (18%) განსაკუთრებით მაღალია.
ზემოხსენებული მიუხედავად, 2018 წელს, „ხავერდოვანი რევოლუციის“ გზით მოსული ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება ადგილობრივი რიგითი საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.
სომხეთის რესპუბლიკამ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ურთიერთობები გაამყარა ევროკავშირთან და ამავდროულად შეძლო მჭიდრო კავშირების შენარჩუნება რუსული „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ წევრ სახელმწიფოებთან.
სამხედრო ბიუჯეტის თვალსაზრისით, მოსალოდნელია, რომ 2020 წლის ხარჯები $634 მლნ-ს მიაღწევს. მანამდე არსებული რეკორდი 2018 წელს დაფიქსირდა $591 მლნ-იანი ხარჯით. აღნიშნული ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5,5%-ს შეადგენს.
სომხეთის შეიარაღებულ ძალებს 51 580 აქტიური პერსონალი ჰყავს, მათგან სახმელეთო ძალების წევრი 45 580-ია, ხოლო საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის წევრი 6000. დამატებით კიდევ 4 748 გასამხედროებული პერსონალია წარმოდგენილი.
შეიარაღებული ძალების 21 363 წევრი კონკრეტულად მთიანი ყარაბაღის რეგიონში არის განლაგებული. ამ ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო ძალები მძიმედ არიან აღჭურვილები. მათი შეიარაღება მოიცავს 316 ერთეულ ტანკს, 324 ერთეულ შეჯავშნულ საბრძოლო მანქანას, 322 ერთეულ (122 მმ-იან) საარტილერიო დანადგარს, 44 ერთეულ მრავალჯერად სარაკეტო დანადგარს და თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას.
გარდა ამისა, ე.წ. მთიანი ყარაბაღის არმიის შემადგენლობაში შედის 2 ერთეული Su-25 (მოიერიშე თვითმფრინავი), 5 ერთეული Mi-24 (მოიერიშე ვერტმფრენი) და დამატებით 5 ერთეული სხვა ვერტმფრენი.
ბოლო 15 წლის მანძილზე, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამსახური 210 000 სარეზერვო პერსონალმა შეძლო.
ამ სახელმწიფოსთვის იარაღის უმთავრესი მიმწოდებლები არიან: რუსეთის ფედერაცია, ჩინეთი, საბერძნეთი, უკრაინა, ინდოეთი, შეერთებული შტატები, ბულგარეთი, სერბეთი, ირანი, ბელარუსი და პოლონეთი.
რუსეთის ფედერაცია სომხეთის რესპუბლიკის უახლოესი სამხედრო მოკავშირეა. სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრში, რუსულ 102-ე სამხედრო ბაზაზე განლაგებულია 127-ე მოტომსროლელი დივიზია. ამ ორი ქვეყნის სამხედრო ალიანსი და განსაკუთრებით რუსული ჯარების ყოფნა სომხეთის ტერიტორიაზე, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინის მთავარი ელემენტია, მას შემდეგ რაც 1991 წელს, ამ რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. სომხეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე დაახლოებით 5 000 რუსი სამხედროა დისლოცირებული.
2013 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა სომხეთის ტერიტორიაზე ე.წ. ისკანდერის ტიპის ბალისტიკური სარაკეტო სისტემები განალაგა.
სომხეთის რესპუბლიკა მონაწილეობს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (ნატო) „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ (PiP) პროგრამაში და დამატებით, ოფიციალური ერევანი მონაწილეობს ამავე ბლოკის ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოში (EAPC). სომხეთი შესაძლებლობის ფარგლებში ნატოსთანაც ცდილობს თანამშრომლობის პროცესის გაღრმავებას.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი საბერძნეთი სომხეთის რესპუბლიკის უახლოესი მოკავშირეა. ეს ორი სახელმწიფო მრავალ სამხედრო საკითხში თანამშრომლობენ ერთმანეთთან და მრავალი სომეხი ოფიცერი ყოველწლიურ მომზადებას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გადის.
გარდა ამისა, შეერთებული შტატები ცდილობს ოფიციალურ ერევანთან სამხედრო თანამშრომლობის გაუმჯობესებას, რათა კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოახდინოს რუსულ პოლიტიკაზე და შეაკავოს კრემლი.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის რესპუბლიკას ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია, აღმოსავლეთით კასპიის ზღვა, სამხრეთით ირანი, დასავლეთით სომხეთი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით საქართველო ესაზღვრება. ქვეყნის დედაქალაქი ბაქოა.
2019 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 10,06 მლნ-ია და ყოველწლიურად სტაბილურად მზარდია. საშუალო ასაკი 32,3 წელს უდრის.
აზერბაიჯანის მოსახლეობის 91,6%-ს ეთნიკურად აზერბაიჯანელები, ხოლო 1,35%-ის ეთნიკურად სომხები წარმოადგენენ. გარდა ამისა, არიან მცირე რაოდენობის სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, მათ შორის თალიშები და ა.შ.
2017 წლის მდგომარეობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთლიანი შიდა პროდუქტი $47,17 მლრდ-ია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე არსებული მშპ (per capita) $17 500.
2017,2018 და 2019 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი საკმაოდ დაბალი, 2%-ზე ქვემოთ იყო, რაც სომხეთთან შედარებით მნიშვნელოვნად ნეგატიურია.
2018 წელს, ქვეყნის პრეზიდენტად (მეოთხე ვადით) კვლავ ილჰამ ალიევი აირჩიეს.
ენერგოპროექტ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (South Gas Corridor) მშენებლობა სავარაუდოდ 2020-2021 წლებში დასრულდება. ეს სახელმწიფო ძირითადად ენერგეტიკულ სეგმენტზეა დამოკიდებული, მაგრამ არა ენერგეტიკულ ეკონომიკურ სფეროებს შორის აღსანიშნავია სოფლის მეურნეობა, ლოგისტიკა და საინფორმაციო ტექნოლოგია (IT), რომლებიც მეტ განვითარებას მოითხოვს.
სამხედრო ბიუჯეტის თვალსაზრისით, 2020 წელს $2,26 მლრდ-ის ხარჯია მოსალოდნელი, რაც 2019 წელთან შედარებით, თითქმის 21%-ით მეტი ხარჯია. სამხედრო დანახარჯი მშპ-ის დაახლოებით 5%-ია.
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა 126 000 აქტიური პერსონალისგან შედგება.
ამ ქვეყნისთვის შეიარაღების უმთავრესი მიმწოდებლები არიან თურქეთი, ისრაელი, რუსეთი, აშშ, კანადა, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბელარუსი და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.
თურქეთი აზერბაიჯანის უპირველესი სამხედრო მოკავშირეა. 2009 წლის დეკემბერში, ოფიციალურ ანკარასა და ბაქოს შორის „სამხედრო დახმარების“ შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, თურქეთი აზერბაიჯანს იარაღით და სამხედრო ტექნიკით, ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, ჯარისკაცებითაც მოამარაგებს.
ამ ეტაპზე ანკარა ბაქოს აწვდის ქვეითთა იარაღს, ტაქტიკური ტიპის ტექნიკას (ჯიპები, სატვირთოები და ა.შ.), ახორციელებს სამხედრო პერსონალის გადამზადებას. ასევე საორგანიზაციო, ტექნოლოგიური, ლიცენზირებული სამხედრო ტექნიკის წარმოების და სხვა სახის მომსახურებას. თურქი სპეციალისტებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ათასობით აზერბაიჯანელმა ოფიცერმა გაიარა სწავლებები დასავლური სტანდარტების შესაბამისად.
შეერთებული შტატების „თავისუფლების მხარდაჭერის აქტის“ 907-ე ნაწილი, ოფიციალურ ვაშინგტონს აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის ნებისმიერი სახის პირდაპირ დახმარებას უკრძალავს, მაგრამ 2001 წლიდან, აშშ აქტიურად თანამშრომლობს ბაქოსთან სამხედრო მიმართულებით. აღნიშნულში შედის სპეციალური ძალებისა და საზღვაო დახმარების უზრუნველყოფა, შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის საკონსულტაციო მხარდაჭერა და კავშირების ქონა აშშ-ის ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის საშუალებით.
რუსეთის ფედერაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის იარაღის უმთავრესი მიმწოდებელია.
ისრაელი ასევე ოფიციალური ბაქოს მნიშვნელოვანი სამხედრო მოკავშირეა. უკვე წლებია, რაც აზერბაიჯანი დიდ ინტერესს გამოხატავს ისრაელის სამხედრო ტექნოლოგიების მიმართ. მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სადაზვერვო და საბრძოლო ტიპის დრონების ქარხნის მშენებლობის თაობაზე.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (ნატო) და აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის ინსტიტუციური რეფორმირების სფეროში და მათ შორის შემუშავდა პრაქტიკული თანამშრომლობა ბევრ სხვა სეგმენტში. ამ ორ მხარეს შორის თანამშრომლობის პროგრამა მოიცავს აზერბაიჯანის „ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმას“ (IPAP) და „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ (PfP).
აღსანიშნავია, რომ სანამ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთთან კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან, მათ ნატოში გაწევრიანება არ შეუძლიათ.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Azerbaijan #Armenia #conflict #brief #overview #south #caucasus #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა