ვრცელდება ცნობა რომ გალში დააკავეს კაცი „აფხაზური დროშის“ დაწვის გამო
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებია დააკავეს. ინფორმაციას, სავარაუდოდ, ე.წ. საგამოძიებო ორგანოში დაკავებულის გამოკითხვის ამსახველ ვიდეოსთან ერთად სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებლები ავრცელებენ. მათი ცნობით, ირაკლი ბებიამ ე.წ. აფხაზური დროშა „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავზე დაწვა, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე 27 სექტემბრიდან აღნიშნავენ.
ვიდეოში, სადაც ის, სავარაუდოდ, დაკითხვაზე იმყოფება, ადასტურებს დროშის დაწვის ფაქტს და განმარტავს, რომ აფხაზების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, პირიქით, მიიჩნევს, რომ არ უნდა აღინიშნებოდეს ქართველების და აფხაზების დაყოფის თარიღი და კვლავ მეგობრული ურთიერთობების მომხრეა.
სოციალური ქსელის აფხაზი მომხმარებლები ვიდეოს აქტიურად ეხმაურებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ დაკავებული სასტიკად უნდა დაისაჯოს. ნაწილის წერს, რომ საჯაროდ უნდა დახვრიტონ ან დაწვან. არის ზოგადად ქართველების მიმართ მუქარის შემცველი კომენტარებიც, რომ არ უნდა დაინდო, რადგან არ შეუძლიათ „დამარცხების აღიარება“. ასევე სოციალური ქსელით ვრცელდება ცნობა, რომ დაკავებული ირაკლი ბებია სოხუმშია გადაყვანილი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ საკითხზე მუშაობენ და ირაკლი ბებიას თემაზე ამოქმედებულია „ცხელი ხაზი". სუს-ი ამ თემაზე განცხადებას 1 ოქტომბერს გაავრცელებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30867022.html
#ახალი_ამბები
#twitter